ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ორმხრივი იერიშები კვლავ გრძელდება. თელ-ავივში შეერთებული შტატების წარმომადგენელი ჰადი ამრი ჩავიდა. ამერიკელი დიპლომატი მონაწილეობას მიიღებს ისრაელის, პალესტინელებისა და გაერო-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად.
დილით ისრაელმა ავიადარტყმები განახორციელა ღაზას სექტორში. პალესტინელმა მებრძოლებმა კი რაკეტები გაუშვეს ისრაელის მიმართულებით. ორშაბათს დაწყებულ საომარ მოქმედებებს ღაზას სექტორში 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 31 ბავშვია. რვა ადამიანია გარდაცვლილი ისრაელში, სადაც მსხვერპლთა შორის ორი მცირეწლოვანია.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტაა გაშვებული. მათი უმეტესობა საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელჰყო. ამასთან, ისრაელის მხარის ცნობით, საჰაერო დარტყმების შედეგად, ღაზას სექტორში განადგურებულია ასობით სამიზნე, მათ შორის „ჰამასის“ სადაზვერვო ცენტრი და სხვა სამხედრო სტრუქტურები.
კონფლიქტის საკითხზე გაერო-ს უშიშროების საბჭო ხვალ იმსჯელებს.