11 სექტემბრის ტერაქტებიდან 22 წელი გავიდა

11 სექტემბრის ტერაქტებიდან 22 წელი გავიდა – აშშ-ში საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ მიერ განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება. ბაიდენი არ მიიღებს მონაწილეობას ნიუ იორკში, ვირჯინიასა და პენსილვანიაში 11 სექტემბრის მემორიალის ცერემონიალში. ამის ნაცვლად, ის 11 სექტემბერს ალასკაში გაჩერდება. ტერორისტული თავდასხმების დროის შესაბამისად, დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით ექვსჯერ მიაგებენ პატივს.

2001 წლის 11 სექტემბერს, „ალ ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელთაგან ორი თვითმფრინავი ნიუ იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს შეეჯახა. კიდევ ერთი თვითმფრინავი ტერორისტებმა ვაშინგტონში პენტაგონს დააჯახეს, ხოლო მეოთხე თვითმფრინავი პენსილვანიის მინდორში ჩამოვარდა.

2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარ ტერაქტების სერიას აშშ-ში 2 977 ადამიანი ემსხვერპლა.