სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე სასტუმროს ადმინისტრატორი ამხილა. 30 წლის ქალს ორი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვებასა და გავრცელებას ედავებიან. გამოძიების ცნობით, ბრალდებული ბარნოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორის პოზიციაზე მუშაობდა და სტუმრების პირად ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი.
მიმდინარე წლის 25 მაისს, სასტუმროს სპეციალურ პროგრამაში ნახვის გზით, ბრალდებულისთვის ცნობილი გახდა, რომ დაზარალებულმა მამაკაცმა და ქალმა ღამე სასტუმროში გაატარეს. ვინაიდან სასტუმროს ადმინისტრატორი იცნობდა დაზარალებული მამაკაცის მეუღლეს, შურისძიების მიზნით, ინფორმაციის გამჟღავნება გადაწყვიტა. მამაკაცის ოჯახის წევრებს სოციალურ ქსელში შექმნილი ყალბი გვერდის მეშვეობით აცნობა. ინფორმაცია მიაწოდა ქალის ყოფილ შეყვარებულსაც.
სასტუმროს ადმინისტრატორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით წარედგინა, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.