ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელზე საქართველოს პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა. ვაჟა მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე აქვს წარდგენილი. ასევე, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ ორი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ჯგუფურად – მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად, სასურველი ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა. ბრალდებული გამოძიებას მიემალა, რის გამოც პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით მიმართა. გირაო, პატიმრობით შეიცვალა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
ამასთან, ბრალდებულის მიერ ფეისბუქის პირად გვერდზე სხვათა პერსონალური მონაცემების გავრცელებასთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოძიება სხვისი პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელების ფაქტზე დაიწყო.