თინათინ ბერძენიშვილი - საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი

ჩვენთვის თითოეულისთვის

საზოგადოებრივი მაუწყებლის ტრანსფორმაციის პროცესი ყოველდღიურად მიმდინარეობს. ეს გამოწვეულია თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეით, რომელიც მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკურობით არსებითად განსხვავებული ინსტიტუციაა.

ინფორმირება, შემეცნება, გართობა, სპორტი, ქართული მედიაპროდუქტის წარმოება და ინდუსტრიის განვითარება – სწორედ აქ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი, გახადოს საინტერესო პოპულარული, პოპულარული კი საინტერესო და საშუალება მისცეს მაყურებელს, ჰქონდეს ხარისხიანი ტელერადიო პროდუქტის არჩევანი.

დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს 12 საათს ორიგინალურ ქართულ პროდუქტს და მხარს უჭერს დამოუკიდებელი სტუდიების განვითარებას, აფინანსებს ქართულ წარმოებას, ფოკუსირდება საზოგადოების კულტურულ, ეთნიკურ, გენდერულ მრავალფეროვნებაზე, ყველა მოწყვლადი ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებაზე, დიდ რესურსს დებს ტელესკოლის, როგორც საგანმანათლებლო პლატფორმის განვითარებაში.

კრიზისმა, რომელიც მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელებით შეიქმნა, გარკვეულწილად წარმოაჩინა შესაძლებლობები. პირველ რიგში, ციფრული ტექნოლოგიის როლის უალტერნატივობის დანახვამ, გაამართლა დიგიტალური ტრანსფორმაციის მიმართულებით განხორციელებული სამუშაო. პირველი არხის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ამ მიმართულებით პლატფორმების განვითარება, მომხმარებლის ხელმისაწვდომობა აქ და ახლა, ყველაზე მოსახერხებელი ფორმით, შინაარსით გაჯერებული აპლიკაციების შექმნა და პოპულარიზაცია.

წლებია, პირველი არხი ტექნიკური გადაიარაღების გარდაუვალი აუცილებლობის წინაშე დგას, მიმდინარე რეფორმირების პროექტის დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი მასშტაბის და სირთულის ტექნიკურ-ტექნოლოგიური გადაიარაღების პროექტი საქართველოს მედიაბაზარზე არ განხორციელებულა, ამ პროექტის ნაწილია  ინფრასტრუქტურული ცვლილებაც, რომელიც ახალი შენობის მშენებლობას გულისხმობს.

ტრანსფორმაციის პროცესში გადამწყვეტია, ლიდერობა გუნდთან საერთო ღირებულებებს ეფუძნებოდეს. ჩვენი მიზანია, განვახორციელოთ ყველა დასახული ამოცანა, რომელიც  პირველ არხს საზოგადოებისთვის შეუცვლელს გახდის და ამ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს დაუბრუნებს  ლიდერი, სანდო, საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული და მისი ინტერესების გამტარებელი მედიის იმიჯს.