სამეურვეო საბჭო შედგება 11 წევრისგან – მეურვისგან
საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს ორ მეურვეს საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით, სამს – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების წარდგინებით, სამს – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი იმ ფრაქციების წარდგინებით, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, და სამს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.
მეურვეობის კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი. მას უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.
მეურვის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი, გარდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მეურვის უფლებამოსილების ვადა იწყება წინა მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღეს.
მეურვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მის ნაცვლად არჩეული ახალი მეურვის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება წინა მეურვის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. თუ მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის თანამდებობა უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე ვაკანტური რჩება.
სამეურვეო საბჭოს შემადგენლობის ერთი მესამედი იცვლება 2 წელიწადში ერთხელ, როტაციის წესით.
მეურვეობის კანდიდატის შერჩევა საპარლამენტო საკონკურსო კომისიის მიერ
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის − მეურვის კანდიდატურა შეირჩევა ღია კონკურსით.
მეურვის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 30 კალენდარული დღით ადრე ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანებას, რომლითაც განსაზღვრავს მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადას – არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა.
კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა პარლამენტის დადგენილებით იქმნება 9 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებთან, უფრაქციო პარლამენტის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან და საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო და რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების შეფასების კრიტერიუმები.
პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას.
ყველას აქვს უფლება, წარადგინოს მეურვის კანდიდატურა. მეურვეობის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს კანდიდატთა სია ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.
საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. კანდიდატთა შეფასების დამატებითი კრიტერიუმები განისაზღვრება საკონკურსო კომისიის დებულებით. მეორე ეტაპზე კანდიდატები შეირჩევიან მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების განხილვის და მათთან გასაუბრების შედეგად. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ საკონკურსო კომისია ფრაქციებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.
საკონკურსო კომისია ვალდებულია უზრუნველყოს შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების საჯარო განხილვა. კანდიდატი ვალდებულია საკონკურსო კომისიას წარუდგინოს საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფცია, რომელიც საჯაროდ უნდა გამოქვეყნდეს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს საჯარო დებატებში, რომლებიც გაიმართება პარლამენტის მიერ მეურვეთა არჩევამდე და გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით.
საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები, სამს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქციები, რომლებშიც ყველაზე მეტი პარლამენტის წევრია გაერთიანებული, და სამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ასარჩევად წარუდგენს/წარუდგენენ პარლამენტს. აღნიშნული სუბიექტები მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევენ და მეურვეთა კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, შემდეგ – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციები და ბოლოს – საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული მეურვეთა კანდიდატურების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს სახალხო დამცველი. ფრაქციების მიერ შერჩეული მეურვეთა კანდიდატურების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებებს ხელს აწერენ შესაბამისი ფრაქციების თავმჯდომარეები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული მეურვეთა კანდიდატურების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღისა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული სუბიექტები კანდიდატურებს წარუდგენენ პარლამენტს.
საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 10 დღისა პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის/ფრაქციების და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების მიერ წარდგენილ კანდიდატებს. თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის კვოტებით, ჯერ აირჩევა კანდიდატი საქართველოს სახალხო დამცველის კვოტით, შემდეგ – კანდიდატი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით, შემდეგ – კანდიდატი საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით და ბოლოს – კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით.
თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები და საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ფრაქციები 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ პარლამენტს ახალ კანდიდატურებს.
მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ 3 კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა.
თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის კვოტებით.
თუ მეურვეობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო 11 წევრით − მეურვით ვერ დაკომპლექტდა, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისთვის ხელახალი კონკურსი იმართება.
სამეურვეო საბჭოს ფუნქციები და მეურვის უფლება-მოვალეობები
1. სამეურვეო საბჭო:
ა) განსაზღვრავს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებს;
ბ) გენერალური დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებას, აგრეთვე ცვლილება შეაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ცვლილება შეიტანოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს;
გ) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის წარდგინებით, სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებას, აგრეთვე ცვლილება შეაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებაში, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რედაქციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას; უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით ცვლილება შეიტანოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დებულებაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცვლილება ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტრუქტურასთან დაკავშირებულ დებულებებს;
დ) გენერალური დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტში ცვლილებას და ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ე) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის წარდგინებით იღებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტს, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტში ცვლილებას და ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;
ვ) ისმენს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის ყოველკვარტალურ ანგარიშს, მათ შორის, ფინანსურ ანგარიშს (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად), კვარტლის დასრულებიდან 1 თვის ვადაში;
ზ) გენერალურ დირექტორს თანხმობას აძლევს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის 1%-ს აღემატება;
თ) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს თანხმობას აძლევს ისეთი გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის 1%-ს აღემატება;
ი) განსაზღვრავს გენერალური დირექტორისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის შრომის ანაზღაურების პირობებსა და ოდენობას;
კ) გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს;
ლ) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საშტატო განრიგს და თანამშრომელთა თანამდებობრივ სარგოებს, სახელფასო ფონდს, მათ შორის, საპრემიო ფონდს და პრემიების ზღვრულ ოდენობებს.
2. მეურვე:
ა) ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს მეურვის მოვალეობა;
ბ) უფლებამოსილია მოითხოვოს სამეურვეო საბჭოს დღის წესრიგში კონკრეტული საკითხის შეტანა;
გ) უფლებამოსილია მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობას.
სამეურვეო საბჭოს ანგარიში
- სამეურვეო საბჭო არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა საქართველოს პარლამენტსა და კომისიას წარუდგენს და აქვეყნებს საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიში უნდა შეიცავდეს ინფორმაციას:
ა) საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამაუწყებლო პოლიტიკის შესახებ;
ბ) საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმდინარე და სამომავლო პროგრამული პრიორიტეტების შესახებ;
გ) მიმდინარე და სამომავლო პროგრამათა განრიგის შესახებ;
დ) დამოუკიდებელი პროგრამებისა და მათი მწარმოებლების შესახებ;
ე) საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის შედეგების შესახებ;
ვ) განხილული საჩივრების რაოდენობისა და შინაარსის შესახებ;
ზ) საჯარო განხილვების შინაარსისა და მოქალაქეთა წინადადებების შესახებ;
თ) საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოსთან ურთიერთდამოკიდებულების მქონე საწარმოების შესახებ;
ი) საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მომავალი წლის ბიუჯეტის შესახებ;
კ) საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
ლ) შიდა აუდიტისა და გარე აუდიტის დასკვნებს.
- საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის საჯარო განხილვას. საჯარო განხილვის შედეგები შეძლებისდაგვარად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს პროგრამულ პრიორიტეტებში.
- საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება აქვს, გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობის შესახებ.
სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს რეგლამენტი