ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას შესაძლოა, დღეს ხელმეორედ ეყაროს კენჭი
ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას შესაძლოა, დღეს ხელმეორედ ეყაროს კენჭი

საქართველოს პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა ჩაინიშნა. არსებული ინფორმაციით, ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, რათა ზვიად კვაჭანტირაძის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი დღის წესრიგში დადგეს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიურო გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში შევიდეს, მაშინ კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებაზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისას ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზებს.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენეს.
კვაჭანტირაძის თანამდებობიდან გადაყენებას მხარი დაუჭირა 67-მა დეპუტატმა, მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის კი, პარლამენტის 76 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

ამასთან, როგორც კენჭისყრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, უმრავლესობის იმ წევრებთან, რომლებმაც ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებას მხარი არ დაუჭირეს, პოლიტიკური კონსულტაციები იქნება საჭირო.