ზვიად კუპრავა გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში დაიკითხა
ზვიად კუპრავა გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში დაიკითხა

„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა.

როგორც კუპრავამ პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მასზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა.

„ციხეში ვიჯექი ცხრა თვე და მთელმა ქვეყანამ იცის, ვიჯექი ჭამის გულისთვის და როგორი აბსურდული მუხლით და ბრალით გამასამართლეს. ციხიდან ორი-სამი თვის გამოსულიც არ ვარ და მოხდა ეს შემთხვევა. აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ არ დავმჯდარვარ სახლში და აქტიურად გავაგრძელე საქმიანობა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 11 აქცია მოვაწყვე ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის შოთაძის დანიშვნასთან დაკავშირებით მქონდა აქტიური აქციები. საზოგადოებას ახსოვს ფარცხალაძის სახლთან აქცია, საზოგადოებას ახსოვს ბიძინა ივანიშვილის სახლთან ანაკონდას დამწვარი ფიტული, საზოგადოებას ახსოვს შოთაძის ფიტული. ხელისუფლებას და მათ წარმომადგენელს, ფარცხალაძეს ჰქონდათ საიმისო მიზეზი, რომ ჩემზე განეხორციელებინათ ეს თავდასხმა.

ეს იყო კარგად ორგანიზებული, ეს იყო პირდაპირ სპეცსამსახურების ხელწერა, როდესაც ორგანიზებული ჯგუფი მოდის სპეცსაშუალებებით, სპრეის საშუალებით პრაქტიკულად უუნარო ხდება ადამიანი და ამის შემდეგ ხდება თავდასხმა კასტეტით და ბოთლით. სამწუხაროდ, ბოთლი მე მეჭირა და რომ არ მქონოდა, ვერ გამოიყენებდნენ. თუმცა, არანაკლებ დამაზიანებელია კასტეტი, რომელსაც მირტყამდნენ თავისა და შუბლის არეში. არანაკლებ დამაზიანებელი არის სპრეი. მაქვს ექიმის დასკვნა, რომ მივიღე ორივე თვალის დამწვრობა. შესაბამისად, არ ვიცი, ვოლსკი რას გულისხმობს, მაგრამ ეს არის მთლიანად სპეცსამსახურების და ხელისუფლების, ოთარ ფარცხლაძისა და გახარიას ხელწერა“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

შსს-მ ზვიად კუპრავას მიმართ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის „ბ“ ქვეპუნტით, რაც ძალადობას გულისხმობს. მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.