ზვიად კორძაძე - უცხოელი ექსპერტები უბრალოდ კონსულტანტები არიან და სხვა სამართლებრივი დატვირთვა მათ ანგარიშს არ გააჩნია
ზვიად კორძაძე - უცხოელი ექსპერტები უბრალოდ კონსულტანტები არიან და სხვა სამართლებრივი დატვირთვა მათ ანგარიშს არ გააჩნია

სასამართლომ ე.წ. უცხოელი ექსპერტების დასკვნა მტკიცებულებათა ნუსხიდან ამორიცხა, რადგან ეს ადამიანები არიან უბრალოდ კონსულტანტები და სხვა სამართლებრივი დატვირთვა მათ ანგარიშს არ გააჩნია, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის” დამფუძნებელის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ მოსამართლე ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

მოსამართლემ დაუშვებლად ცნო პროკურატურის მიერ მოწვეული უცხოელი ექსპერტების დასკვნა, სადაც მითითებული იყო, რომ თიბისი ბანკის საქმეზე იკვეთება “ხაზარაძე-ჯაფარიძის სქემა და ფულის გათეთრების დანაშაული”.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, საქმეს არ დართვოდა საზღვარგარეთ გამოკითხულ დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებები.

„აღნიშნული მოწმეები მთლიანად აქარწყლებენ ბრალდებას. მისასალმებელია მოსამართლის ეს გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, ამ ფორმით გაგრძელდება საქმის განხილვა. უცხოეთში გამოკითხული მოწმეები არიან პირები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სესხი, რომელიც შემდეგ გაისტუმრეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, აიღეს გაცილებით ადრე, ვიდრე მაშინ, რა პერიოდზეც პროკურატურა საუბრობს”,- აღნიშნა ზვიად კორძაძემ.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ფულის გათეთრების განზრახვა არ ყოფილა.

„ჩვენ გვაქვს მტკიცებულება, რომ ფული გადაირიცხა კონკრეტულ პირებთან, რომლებმაც წარმოადგინეს კონკრეტული ხელშეკრულებები თანხის აღების მიზნობრიობის – თიბისი ბანკის კაპიტალში შესატანად”, – განაცხადა კორძაძემ.

მოსამართლემ „თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურის მიერ მიწვეული უცხოელი ექსპერტების დასკვნა დაუშვებელ მტკიცებულებად სცნო. მოსამართლე ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილების საფუძველზე, ორი უცხოელი ექსპერტი სასამართლოზე არ დაიკითხება.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 16 ოქტომბერს გაავრცელა მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის შეფასება ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის  საქმესთან დაკავშირებით.

პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მათთვის მიწოდებული მტკიცებულებებიდან აშკარად იკვეთება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სქემა, რომლის მიზანიც იყო ბანკისგან მიღებული თანხების დანაწილების შენიღბვა, რაც წარმოადგენდა ფულის გათეთრებას, რომლის პრედიკატი დანაშაული იყო თაღლითობა.

ამასთან, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განმარტა, რომ მაღალი ინსტერესის საქმეებზე 2015 წლიდან უცხოელი ექსპერტები წერენ დასკვნებს, რომელიც მათთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.