ზვიად ძიძიგური - საერთაშორისო ექსპერტების დასკვნამ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის წარდგენილი ბრალის საფუძვლიანობა დაადასტურა
ზვიად ძიძიგური - საერთაშორისო ექსპერტების დასკვნამ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის წარდგენილი ბრალის საფუძვლიანობა დაადასტურა

ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ ფულის გათეთრების ნაწილში აღძრული საქმე, მნიშვნელოვნად არის წინ წასული,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გენერალურმა პროკურატურამ საქმეში საერთაშორისო დონის ექსპერტები ჩართო, რომლებმაც დაადასტურეს, რომ პროკურატურას ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის საფუძველი ჰქონდა.

„ჩემი დაკვირვებით, პროკურატურამ ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ექსპერტები ამ საქმეში ჩართო, რადგან საზოგადოების მაღალი ინტერესი იყო. შედეგად ვხედავთ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის მიმართ ფულის გათეთრების ნაწილში აღძრული საქმე, მნიშვნელოვნად არის წინ წასული. ვფიქრობ, ჯერი სასამართლოზეა. როცა დასრულდება გამოძიება, სასამართლო თავის კომპეტენტურ დასკვნას გააკეთებს. რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტების დასკვნას, ვფიქრობ, მათ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი დაადასტურეს და თქვეს რომ, საქართველოს პროკურატურას ჰქონდა სრული საფუძველი, თიბისი ბანკის მაშინდელი მფლობელებისთვის ასეთი ტიპის ბრალი წაეყენებინათ. დანარჩენი, ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში არის სასამართლო ხელისუფლება, რომელმაც უნდა დაუსვას წერტილი ამ საქმეს და თავისი განაჩენი გამოიტანოს“,- აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე განმარტებით, საქმეში მაღალი დონის, ძალიან წონიანი ექსპერტები არიან ჩართული.

„წავიკითხე დოსიე საერთაშორისო ექსპერტების, რომლებიც ისრაელის ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ დევნის ნაწილში აღიარებული პირები იყვნენ ისევე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით. ისინი ნამდვილად თავისი დარგის სერიოზული, წონიანი ექსპერტები არიან და მშვიდად ნამდვილად ვერ ვიქნებოდი იმ ადამიანების ადგილას რომ ვიყო, ვისაც ბრალი აქვს წარდგენილი”,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინათ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 ივლისს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

დატოვე კომენტარი