ზვიად ძიძიგური - ნურავის ექნება ილუზია, რომ ქვეყანაში რამე ტიპის არეულობას ან დესტაბილიზაციას გამოიწვევს  
ზვიად ძიძიგური - ნურავის ექნება ილუზია, რომ ქვეყანაში რამე ტიპის არეულობას ან დესტაბილიზაციას გამოიწვევს  

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში რაღაც ტიპის დესტაბილიზაციის გამოწვევას ცდილობს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა შესაძლო დესტაბილიზაციის გეგმასთან დაკავშირებით შს მინისტრ გიორგი გახარიას გუშინდელ კომენტარზე ჰკითხეს.

ძიძიგურის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა ქვეყნის სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე,  უსუსურია.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სრულიად უსუსური მცდელობა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას შეუქმნან საფრთხე. მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი ვინ არის, როცა შევარდნაძე მასზე გაცილებით ძლიერი იყო და მაშინ მოვუწყვე რევოლუციაო. ასეთი რამ პირდაპირ განაცხადა თავიანთი პარტიული ტელევიზიის ეთერიდან. ასეთი სურვილები აქვთ“, – აღნიშნა ძიძიგურმა.

თუმცა, მისი თქმით, სამართალდამცველები და ყველა სტრუქტურა, რომელიც სახელმწიფოს სტაბილურობასა და სიმშვიდეზე არის პასუხისმგებელი, მოწოდების სიმაღლეზეა.

„ნურავის ექნება ილუზია, რომ ქვეყანაში რამე ტიპის არეულობას ან რამე ტიპის დესტაბილიზაციას გამოიწვევს“, – განაცხადა ძიძიგურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ განაცხადა, რომ შსს-მ დეტალურად იცის ყველა გეგმა, რომელიც წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის მიზნით მზადდებოდა, თუმცა, მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდება.