ზვავსაშიშროების გამო თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია
ზვავსაშიშროების გამო თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია

ზვავის ჩამოწოლის საშიშროების გამო თუშეთის გზის გაწმენდითი სამუშაოები შეჩერებულია, – ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერმა, ვაჟა ნასყიდაშვილმა განაცხადა.

როგორც ვაჟა ნასყიდაშვილმა აღნიშნა, ამ დროისთვის საავტომობილო გზის დაახლოებით 42 კილომეტრია გაწმენდილი. მისივე ინფორმაციით, თუშეთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზის გახსნა 15 მაისისთვის იგეგმებოდა, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსაშიშროების გამო გზის გახსნა თვის ბოლოს გადაიწევს.

„ამინდის გაუარსებამდე, თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობდა. ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სამუშაოები შეჩერებულია, რადგან არსებობს ზვავის ჩამოწოლის საშიშროება. როგორც კი ამინდი ხელს შეგვიწყობს და აღარ იქნება ზვავსაშიშროება, გზის გაწმენდით სამუშაოებს განვაახლებთ“, – აღნიშნა ვაჟა ნასყიდაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ აღნიშნული გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოებისას მთიდან ჩამოწოლილმა ზვავმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა, მეორე კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადის.

თუშეთთან დამაკავშირებელი გზა დიდთოვლობის გამო ოქტომბრის ბოლოს 6 თვის განმავლობაში იკეტება. მთასთან დაკავშირება მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი.