თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოებისას ზვავმა ორი ადამიანი მოიყოლა, ერთი ამოყვანილია, ერთს კი, ეძებენ
თუშეთთან დამაკავშირებელ გზაზე გაწმენდითი სამუშაოებისას ზვავმა ორი ადამიანი მოიყოლა, ერთი ამოყვანილია, ერთს კი, ეძებენ

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 36-ე კილომეტრზე ზვავმა ორი ადამიანი ქვეშ მოიყოლა. ამ წუთებში ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის კახეთის სამმართველოს მაშველები მიემართებიან.

როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბარში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა განაცხადა, ზვავში მოყოლილი ადამიანები ტრაქტორისტები არიან, რომლებიც გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებდნენ.

„იქ ტელეფონს მიღება არ აქვს და როგორც გავიგე, ორიდან ერთი ადამიანი უკვე ამოიყვანეს, მას საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირდება, რადგან დაშავებული არაა, მეორე კი, ჯერ ვერ ნახეს და ეძებენ“, – განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა.

გზის გაწმენდას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ენერჯი გრუპი“ აწარმოებს.