ზურიკო დავითაშვილი - კოსოვოში ყველანაირი ზეწოლა გადავლახეთ [ვიდეო] #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი კოსოვოსთან მატჩის გმირი გახდა. პრიშტინაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში მოედანზე 72-ე წუთზე შესულმა შემტევმა ნახევარმცველმა ზუსტად 10 წუთში შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. 20 წლის დავითაშვილმა ირაკლი აზაროვის გადაცემით ისარგებლა და ზუსტი თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1 საქართველოს სასარგებლოდ.

„სამი ქულის მოპოვება ძალიან გვჭირდებოდა. საბედნიეროდ, ყველანაირი ზეწოლა გადავლახეთ და ძალიან რთულ თამაშში გავიმარჯვეთ“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.

 

იგი ყველა ასაკობრივ ნაკრებში ლიდერი იყო და მცირე ასაკის მიუხედავად, ეროვნულ ნაკრებში უკვე 12 მატჩი ჩაატარა. თავიდან გახსნა უჭირდა, შედეგიანობით კი თავი მხოლოდ ბოლო დროს გამოიჩინა – ჯერ ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩში გაიატანა, კოსოვოსთან კი ანგარიშზე მეორე გოლი ჩაიწერა.

„რა თქმა უნდა, გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა. ყველანი ძალიან გახარებული ვართ და იმედი გვაქვს ასე განვაგრძობთ“, – იმედოვნებს 20 წლის ფეხბურთელი.