ზურიკო დავითაშვილი - ესტონეთთან სამი ქულის იმედი გვაქვს
ზურიკო დავითაშვილი - ესტონეთთან სამი ქულის იმედი გვაქვს

ესტონეთთან ერთა ლიგის C2-ი ჯგუფის სასტარტო მატჩის და მოსამზადებელი ეტაპის შესახებ კომენტარი ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა.

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვოლგოგრადის „როტორის“ 19 წლის შემტევ ნახევარმცველს იმედი აქვს, რომ ეროვნული გუნდი ქართველ გულშემატკივარს გაახარებს.

„ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი დაგვაკლდება, მაგრამ პირველივე შეხვედრაში სამი ქულის მოლოდინი გვაქვს. დიდი ხანია, არ შევკრებილვართ, ნაკრებში ყოველთვის განსაკუთრებული ემოციაა. რაც შეეხება მოსამზადებელ ეტაპს, ძალიან კარგი ვარჯიშები ჩავატარეთ და მზად ვართ თამაშისთვის. სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე სტადიონზე გულშემატკივარი არ დაიშვება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათ გახარებას მაინც მოვახერხებთ“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილმა აგვისტოში კლუბი შეიცვალა და ყაზანის „რუბინიდან“ იჯარით ვოლგოგრადის „როტორში“ გადავიდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების 19 წლის შემტევმა ნახევარმცველმა გუნდში თავი უკვე გამოიჩინა – სამ ჩატარებულ შეხვედრაში ორჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ესტონეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება ტალინის „ლე კოქ არენაზე“ 5 სექტემბერს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.