ზურიკო დავითაშვილი - ეს მოგებები საქართველოს სჭირდებოდა #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი - ეს მოგებები საქართველოს სჭირდებოდა #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ნაკრებში 2019 წლიდან თამაშობს, მისი ფორმით 14 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ წელს გაიხსნა და ბოლო მატჩებში თავი შედეგიანობით და სასარგებლო თამაშით გამოიჩინა.

ტულას „არსენალის“ 20 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ბულგარეთსა და კოსოვოს გოლები გაუტანა, ხოლო გორში უზბეკეთთან გამართულ მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა. სწორედ დავითაშვილის კარგი თამაშის და საგოლე გადაცემის შედეგად აიღო სტუმართა კარი დავით ვოლკოვმა.

დავითაშვილი იწყებს იმ პოტენციალის გამოვლენას, რაშიც ხელს ის უშლიდა, რომ გუნდთან ადაპტაციას გადიოდა და ეროვნულ ნაკრებს უშინაურდებოდა. ზურიკომ უზბეკეთთან მოგებულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა.

„ძალიან სასიხარულოა, როდესაც ზედიზედ სამ თამაშს იგებ. ეს მთელ საქართველოს ძალიან სჭირდებოდა. იმედი მაქვს, მომავალშიც ასე გავაგრძელებთ და მომდევნო თამაშებშიც გამარჯვებით გავახარებთ ჩვენ გულშემატკივარს“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა საკუთარ თამაშზეც ილაპარაკა: 

„რაც შეეხება ჩემს თამაშს, რა თქმა უნდა, კმაყოფილი არასდროს ვარ. ფეხბურთელმა ყოველთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთო. რაც შეეხება ნაკრებს, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრის ფაქტორს, ეს ბოლო ორ თამაშში კარგად გამოჩნდა“.