განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მსაჯულების შესარჩევი პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში დღეს დაიწყო.
სასამართლომ 12 ნაფიცი და ორი სათადარიგო მსაჯული უნდა შეარჩიოს. კანდიდატ ნაფიც მსაჯულებს დაცვისა და ბრალდების მხარეებს შორის შეთანხმებული კითხვარი გაეგზავნებათ.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ დაამტკიცა მკვლელობის საქმიდან ბრალდებულ ჯაბა ჯანგირაშვილის ბრალის ცალკე გამოყოფის საკითხი, რადგან ის ნაფიცი მსაჯულების განსახილველი საქმეების კატეგორიას არ მიეკუთვნება. ჯანგირაშვილს გამოძიება იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება.
მოსამართლემ ზვიადაური 50 ათას-ლარიანი, ხოლო ჯანგირაშვილი 5 ათას-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ 29 ნოემბერს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა ჯაბა ჯანგირაშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ზვიადაურის მხრიდან საპასუხო სროლა რომ არ განხორციელებულიყო, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა.
მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში 17 აგვისტოს მოხდა.
ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი. გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი იყო ზურაბ ზვიადაურს ძმა, ზვიად ზვიადაური.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
საქმეზე მომდევნო სხდომა 21 იანვარს იგეგმება.