ზურაბ ყიფშიძე - შეიძლება ყიფიანი სხვა გუნდის დირიჟორთან შეგედარებინა, მაგრამ „დინამოს“, როგორც გუნდს, ანალოგი არ ჰყავდა [ვიდეო] #1TVSPORT
პირველი არხის გადაცემა „ახალ დღეს“ სტუმრობდა მსახიობი ზურაბ ყიფშიძე, რომელმაც 1981 წლის თბილისის „დინამო“ და მისი თასების მფლობელთა თასზე გამარჯვება ემოციურად გაიხსენა.
„1981 წლის 13 მაისს ყველას იმედი ჰქონდა, მაგრამ რატომღაც ვერ წარმოედგინა, რომ გაშვებული გოლის შემდეგ „დინამო“ თამაშს მოაბრუნებდა. ჩემი ერი ასეთი გახარებული არ მინახავს. მომენატრა ჩემი ხალხის ასეთი ბედნიერება.“
ზურაბ ყიფშიძემ მატჩი დეტალებში გაიხსენა:
„გერმანიის გულშემატკივარი ვარ და კარგად ვიცი, რა რთულია გერმანელებთან თამაში. არ გავიხსენებ ბრაზილიასთან 7:1 და მსგავს გამარჯვებებს…
მატჩებს ყოველთვის მარტო ვუყურებ, იმიტომ რომ ოთახში რაღაცები იმსხვრევა, მეზობლები გვეძახიან – რა ამბავიაო. მხოლოდ ძაღლი მიძლებს, როდესაც ტელევიზორში ფეხბურთს ვუყურებ.
„კარლ ცაისთან“ 0:1 რომ ჩამოვრჩით, არ გამჩენია შეგრძნება, რომ ყველაფერი დამთავრდა. „დინამო“ ისე თამაშობდა, ყოველთვის გჯეროდა გამარჯვების. გარდა გოლებისა, მახსოვს სულაქველიძის მიერ შესრულებული შავი სამუშაო, კაკილაშვილის ბლოკი – ეს იყო გუნდი, რომელსაც ჰყავდა ძლიერი დირიჟორი. უდირიჟოროდ არც თეატრი წარმომიდგენია და არც ქვეყანა.“
მან კოტე მახარაძეზეც ილაპარაკა და „დინამოს“ ხელწერაზეც გაამახვილა ყურადღება:
„არ შემიძლია არ გავიხსენო ჩემი უფროსი მეგობარი კოტე მახარაძე, მისი ხმის ტემბრი – როგორ თქვა – გოლ! სამაგალითო იყო.
თეატრალური დადგმა „დონჟუანით“ მსოფლიო მოვიარეთ. არ არსებობს ქვეყანა სადაც არ ეთქვათ – იქიდან ხართ, საიდანაც ყიფიანი, ჩივაძე, გუცაევი… ყველას სახელ-გვარები იცოდნენ. ეს ჩვენთვის საოცარი სიამაყე იყო.
მიხეილ თუმანიშვილი თეატრს ფეხბურთს ამსგავსებდა, ამბობდა – არსებობენ ერთი ნახევრიდან მეორეზე გადამსვლელები, დამცველები და ისინი, ვისაც გოლი გააქვსო. მე თეატრში გადამსვლელი, ნახევარმცველი ვიყავი. მთავარი რა არის ფეხბურთში? – პასი! შენგელიას გუცაევისთვის პასი რომ არ მიეცა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა…
ბევრს ვფიქრობ, რომელ გუნდს ჰგავდა მაშინდელი „დინამო“. „ბარსელონას“? ჩავი, ინიესტა წავიდნენ და ის „ბარსაც“ გაქრა. თბილისის „დინამოს“ ხელწერა კი გამორჩეული იყო, არც ერთი გუნდისას ჰგავდა. შეიძლება ყიფიანი რომელიმე დირიჟირთან შეგედარებინა, მაგრამ „ დინამოს“, როგორც გუნდს, ანალოგი არ ჰყავდა.“