ზურაბ შენგელია - ქართველების ხელშია საერთაშორისო ტრიბუნა, ზემოქმედების მეტი ბერკეტი, უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც აფხაზურ საზოგადოებას დააინტერესებს 
ზურაბ შენგელია - ქართველების ხელშია საერთაშორისო ტრიბუნა, ზემოქმედების მეტი ბერკეტი, უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც აფხაზურ საზოგადოებას დააინტერესებს 

„ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ზურაბ შენგელია აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში არ უნდა იყოს განხილული.

როგორც მან აღნიშნა, არსებობს აფხაზური საზოგადოების ინტერესებიც.

მისი თქმით, საერთაშორისო ტრიბუნა საქართველოს ხელშია და მას ზემოქმედების ბერკეტები აქვს. ზურაბ შენგელია მიიჩნევს, რომ ისეთი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომელიც აფხაზეთის საზოგადოებაში ინტერესს გამოიწვევს.

„ქართველების ხელშია საერთაშორისო ტრიბუნა, უფრო მეტი ბერკეტები ზემოქმედების, ჩვენი პრობლემები უნდა გაითვალისწინოთ და არ გვინდა, მარტო პოლიტიკურ ჭრილში ამის განხილვა. ეს საფუძველი შესაძლებელია, გამოყენებული იყო ჩვენ მიერ. მაგალითად, იყო სამედიცინო მომსახურება, ასევე საინტერესო შეთავაზებები იქაური საზოგადოებისთვის, მაგალითად, წლების წინ, ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შეთავაზება აფხაზისთვის. ეს იქაურ ე.წ. ხელისუფლებას არ მოეწონა, მაგრამ საზოგადოების ფენებში დიდი ინტერესი გამოიწვია, ამიტომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა იქნება საინტერესო. აფხაზები ამბობენ, რომ გვაღიარეთ და მერე დავიწყოთ ახალი ურთიერთობა, ახალ დონეზე, ახალ სიმაღლეზე. რა თქმა უნდა, მათ აღიარებაზე საუბარი სასაცილოა, მაგრამ ამ მიმართულებით რომ ვაჩვენოთ – მოდით, ჯერ შევრიგდით და მერე ვილაპარაკოთ პოლიტიკურ საკითხებზე, ჯერ თქვენი პრობლემები განვიხილოთ, დავიწყოთ ერთად გადაწყვეტა, ჩვენ გვერდით დაგიდგებით. ამ მიმართულებით ხელისუფლებას სჭირდება გააქტიურება“, – განაცხადა ზურაბ შენგელიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია 9 იანვარს, დილიდან დაიწყო. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე მუჰამედ კილბამ განაცხადა, რომ დემონსტრანტებმა შენობაში იარაღის ოთახი გატეხეს და იქ არსებული იარაღი აიღეს.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობდნენ ე.წ. არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

10 იანვარს კი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. რუსული მედიის ცნობით, ე.წ. საკასაციო ინსტანციის სასამართლომ ოკუპირებულ აფხაზეთში 20 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს 13 იანვრამდე დაასახელებენ.

დატოვე კომენტარი