ზურაბ პატარაძემ ბათუმის პორტის გაფიცულ თანამშრომლებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა
ზურაბ პატარაძემ ბათუმის პორტის გაფიცულ თანამშრომლებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე პორტის თანამშრომლებს პროტესტის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ზურაბ პატარაძე აცხადებს, რომ მთავრობა დაინტერესებულია დაიცვას როგორც ინვესტორის, ასევე დასაქმებულთა ინტერესები, სწორედ ამ მიზნით მოხდა აჭარის მთავრობის ჩართულობა პორტში განვითარებულ მოვლენებში.

„მე განვახორციელე რამდენიმე ზარი ასტანაში, ვესაუბრე ყაზახურ მხარეს და მივიღე გარანტია, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება კადრების შემცირება და სამსახურიდან გაშვება. მე მივიღე დადებითი პასუხი და მოვუწოდებ ყველა თანამშრომელს შეწყვიტოს პროტესტი“, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

გუშინ ბათუმის პორტის შენობასთან პოლიცია იყო მობილიზებული. შსს-ს ცნობით, ბათუმის პორტის ადმინისტრაციამ პოლიციას აცნობა, რომ ცალკეულმა თანამშრომლებმა, გემისთვის გზის გადაკეტვის მიზნით, მცირე ზომის მცურავი საშუალებებით გარკვეული ტერიტორია ჩახერგეს. მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ბლოკირებას გულისხმობს.

პორტის თანამშრომლები პირველ აპრილს გაიფიცნენ. ისინი მოსალოდნელ რეორგანიზაციას აპროტესტებენ.

მიუხედავად იმისა, რომ პორტის გენერალურმა დირექტორმა დანიარ მუხამედ-რახიმმა სპეციალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პორტში დაგეგმილი რეორგანიზაცია შეჩერებულია, გაფიცულ თანამშრომლებს ეს განცხადება არ აკმაყოფილებთ და გენერალური დირექტორის გადადგომის მოთხოვნა ძალაში რჩება.