ზურაბ ნეფარიძის შვილის ინფორმაციაზე მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო  
ზურაბ ნეფარიძის შვილის ინფორმაციაზე მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო   

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრის, ზურაბ ნეფარიძის შვილისა და ადვოკატ ედიშერ ქარჩავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში  სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

უწყება ნეფარიძის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის, ზურაბ ნეფარიძის მიმართ გამოძალვით ქრთამის აღების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითურად დიდი ოდენობით თანხის დაუფლებისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე, ასევე, მაჟორიტარის ბიუროს თანამშრომლის მიმართ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარების და გამოძალვით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე.  ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა  2017 წლის 25 აგვისტოს დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი ზ.ნ.  ბიუროში დასაქმებული მეუღლის დის – ა.ნ.-ს დახმარებით  ბიუროს ოთხი თანამშრომლისგან, სამსახურიდან გათავისუფლების მუქარით ქრთამის სახით სძალავდა მათთვის ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის ნაწილს.  აღნიშნული გზით ზ.ნ.-მ  2014-2017 წლის პერიოდში თანამშრომლებისგან ქრთამის სახით 16040 ლარი გამოსძალა. ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ ზ.ნ. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა მაჟორიტარის ოფისის ფუნქციონირებისთვის თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოყოფილ თანხებს, რაშიც დახმარებას უწევდა მისი შვილი.

ზ.ნ-მ თავის ბიუროში ფიქტიურად დაასაქმა მისი შვილის მეგობარი მ.ლ., რომელსაც წინასწარი შეთანხმების თანახმად, ყოველთვიურად ერიცხებოდა ხელფასი, ხოლო რეალურად აღნიშნულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ ისაკუთრებდა ზ.ნ.,  რითაც ის  2014 წლის 15 აგვისტოდან 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით თაღლითურად დაეუფლა საკრებულოს კუთვნილ, დიდი ოდენობით 36 552,5 ლარს.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გამოკითხულ იქნა ათეულობით მოწმე, ჩატარდა საბუღალტრო რევიზიები, დაკავებულების პირადი და მათი ოფისების ჩხრეკა. ბანკებიდან  გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ჩარიცხული თანხების ოდენობასა და მათი მოძრაობის შესახებ. ასევე, ჩატარებულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებული იქნა ზ.ნ.-ს  და ა.მ.-ს დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები“, – ნათქვამია პროკურატურის გმიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და ასევე, მითითებულია, რომ დაკავებულთა ბრალდების საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის ბრალდებულების პირადი ცხოვრების ამსახველი რაიმე ვიდეო ან ფოტო მასალა არ არსებობს.

როგორც დღეს  ზურაბ ნეფარიძის შვილმა  განცხადა, პროკურატურა მას მამის საწინააღმდეგო ჩვენების მიცემას შანტაჟის გზით აიძულებდა  და მამის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა.  ადვოკატ ედიშერ ქარჩავას თქმით, ზურაბ ნეფარიძემ პენიტენციურ დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა.