ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან 15-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების შეკრება შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა.
„თურქეთთან ჩატარებულმა ამ ორმა შეხვედრამ გვაჩვენა, რომ საკმაოდ პერსპქტიული და საინტერესო თაობა გვეზრდება, რომელსაც შრომით ბევრის მიღწევა შეუძლია და მათი ძალიან გვეიმედება. იდეაში, ამ ასაკის მოთამაშეებს ყველაფერზე სამუშაო აქვთ. უბრალოდ, ვცდილობთ, მოთამაშეების შეფასებისას არ შევცდეთ“, – ამბობს ზურაბ ხიზანიშვილი.
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, მოთამაშეთა შერჩევა კიდევ გაგრძელდება: „ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით და რუსთავის აკადემიის ბავშვებით შემოვიფარგლეთ. სელექცია ამით არ დასრულებულა – ვაკვირდებით ბავშვებს და არ გვინდა ამ ასაკის რომელიღაც ნიჭიერი გამოგვრჩეს. გარდა ამისა, სელექციას უცხოეთშიც ვეწევით და ეს პროცესი გაგრძელდება“.
ხიზანიშვილმა უახლოესი გეგმებიც გაამხილა: „გუნდის შესათამაშებლად ფეხბურთის ფედერაცია ბევრ თამაშს და ტურნირს გვიგეგმავს. უკვე გვაქვს შეთანხმება, რომ უკრაინის ნაკრებს საქართველოში შევხვდებით. დეკემბრამდე ასევე კარგ ტურნირებზე მონაწილეობას და სამ კარგ საკონტროლო შეხვედრას ვგეგმავთ“.