ზურაბ ხიზანიშვილი - ახალი სათამაშო სისტემა ერთა ლიგაზე გამოგვადგა, რადგან ბურთს უკეთესად ვაკონტროლებთ #1TVSPORT
ზურაბ ხიზანიშვილი - ახალი სათამაშო სისტემა ერთა ლიგაზე გამოგვადგა, რადგან ბურთს უკეთესად ვაკონტროლებთ #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, ზურაბ ხიზანიშვილმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, რამაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ სათამაშო სქემაზე გადაწყობა გამოიწვია.

„ჯვაროსნებმა“ წლის ბოლო სამი შეხვედრა ახალი სათამაშო სქემით მოიგო – ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ძველი სისტემა 3-4-3-ით ჩაანაცვლა, ხოლო ოთარ კაკაბაძე დაცვის ცენტრში გურამ კაშიასა და დათა ხოჭოლავას გვერდით დააყენა.

ზურაბ ხიზანიშვილი: „ახალი სათამაშო სისტემა ერთა ლიგაზე გამოგვადგა, რადგან ბურთს უკეთესად ვაკონტროლებთ. მატჩებში ვერ გარისკავდა, რომ 4-3-3 სისტემიდან უცებ გუნდი 3-4-3-ზე გადაეყვანა. ეს ნელ-ნელა დავგეგმეთ, ბულგარეთის შემდეგ. მანამდეც იყო სურვილი, მაგრამ ამ სისტემაში შესაფერის გარემარბები გჭირდება. ასეთები თუ არ გყავს, რაც უნდა ფილოსოფია გქონდეს, თამაშს ვერ ააგებ. იქ სწრაფი და ძალისმიერი ფეხბურთელი გჭირდება“, – თქვა ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“.

საქართველოს ნაკრების ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, ნაკრებში ტრავმირებულთა მცირე რაოდენობა იყო და გუნდს გადაწყობის საშუალება მიეცა: 

„საბედნიეროდ, ბოლო შეკრებაზე ბევრი ტრავმირებული არ გვყავდა – ასეთები შემტევი ფეხბურთელებიდან იყვნენ კიტეიშვილი და მიქაუტაძე, დანარჩენები ყველა გვყავდა, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, ლობჟანიძე, არადა, მანამდე სულ ვიღაც გვაკლდებოდა. ძირითადი ბირთვი რომ შეიკრიბა, სათამაშო სისტემის შეცვლა სამწვრთნელო სტაფმა ამიტომაც გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, ამან გაამართლა“.

ზურაბ ხიზანიშვილის თქმით, ახალ სქემაში ჩვენი ნაკრების უპირატესობა გამოჩნდა: 

„ჩვენი სურვილია, მომავალშიც ასე ვითამაშოთ. ვხედავთ, რომ ამ სათამაშო სქემაში ბურთს უფრო მეტად ვფლობთ, რაც ერთა ლიგაზე პრიორიტეტი იქნება. იქ ჩვენი მეტოქე ესპანეთი და შვედეთი არ გვეყოლება და თუ ევროპის ჩემპიონატზე გასვლაზე ვფიქრობთ, პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ და მიზნად დავისახოთ. ასეთ სქემაში ბურთს უკეთესად ვაკონტროლებთ და ეს მნიშვნელოვანია“.

ვლადიმერ გუცაევი, „საფეხბურთო ტაიმაუტის“ ექსპერტი: 

„სასიამოვნოა, რომ ამ სისტემაში სწრაფი ფეხბურთელები გამოჩდნენ. ჩრდილოეთ მაკედონიასთან იმან დაგვღუპა, რომ არ გვყავდა ფეხბურთელები, სწრაფი კონტრშეტევები რომ გაგვეხორციელებინა. ახლა ამის საშუალება გვაქვს და ეს კარგია“.