საფეხბურთო ტაიმაუტი | ზურაბ ხიზანიშვილი - მოგებაზე არანაკლებ მოთამაშეთა განწყობამ გაგვახარა, მათთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანი იყო #1TVSPORT
საფეხბურთო ტაიმაუტი | ზურაბ ხიზანიშვილი - მოგებაზე არანაკლებ მოთამაშეთა განწყობამ გაგვახარა, მათთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანი იყო #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „საფეხბურთო ტაიმაუტი ვლადიმერ გუცაევთან ერთად“ სტუმრად იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზურაბ ხიზანიშვილი. ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა, რომელმაც დისკვალიფიცირებული ფრანგი სპეციალისტი შვედეთთან შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე შეცვალა, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებული შესარჩევი ციკლი შეაფასა.

„გაზაფხულზე ნაკრებმა კარგად დაიწყო, შემდეგ კი, კარგი იქნებოდა, სექტემბრის თამაშები კალენდარში არ ყოფილიყო, მაგრამ ბოლოს დადებით ნოტაზე დავასრულეთ. მთავარია, სტაბილურობა შევინარჩუნოთ, რომ ასეთი ვარდნები არ იყოს და ამაზე ფეხბურთელებთან სამუშაო გვექნება.

– შვედეთი მოსაგებად ჩამოვიდა და მხოლოდ 3 ქულის აღება სურდა. თუმცა, ჩვენი კარგი თამაში ამანაც განაპირობა. სტრატეგია შვედების თამაშის ანალიზის მიხედვით ავაწყვეთ. მათი შემტევები, ფორსბერგი და კულუშევსკი, თუ ვინც იქნებოდა ფლანგზე, დაცვაზე ორიენტირებულები არ არიან. ამიტომ, ლობჟანიძის, კვარაცხელიასა და აზაროვის სისწრაფეების გამოყენება და ფლანგებიდან გამწვავება ვცადეთ. ბიჭებს ეს კარგად გამოუვიდათ.

– რა არის საჭირო, რომ შვედებთან ეს მოგება გარდამტეხი იყოს? ამის შემდეგ უზბეკეთთან ამხანაგური შეხვედრა გვქონდა და მიხარია, რომ მოვიგეთ. უფრო მეტად მოთამაშეთა განწყობამ და დამოკიდებულებამ გამახარა, რაც მეორე ტაიმში გამოჩნდა, რომ ეიფორიაში არ ვიყავით. ზუსტად ეს გვინდოდა, რომ ნაკრების წევრებმა ყველა თამაში ისე ჩაატარონ, არ ჰქონდეს მნიშვნელობა, რომელია ოფიციალური შეხვედრა და რომელი ამხანაგური – ყველა მნიშვნელოვანია“.

დატოვე კომენტარი