ზურაბ ჯაფარიძე - ვითხოვთ შეზღუდვების მოხსნას, თუმცა არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს, ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს
ზურაბ ჯაფარიძე - ვითხოვთ შეზღუდვების მოხსნას, თუმცა არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს, ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს

„გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ შეზღუდვების გასაპროტესტებლად აქციები ბევრად მრავალრიცხოვანი უნდა იყოს, რათა ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

„აქციის მიზანია შეზღუდვების გაპროტესტება, ვითხოვთ ყველა შეზღუდვის მოხსნას. დღეს ამ აქციისგან რამე განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, არ მჯერა, რომ ამ აქციის გამო ხელისუფლება უკან დაიხევს, მგონია, რომ აქციები უნდა იყოს ბევრად მრავალრიცხოვანი, ბევრად მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს მას ეფექტი. რასაც ვუყურებ, ჯერჯერობით არ არის ხალხის ის რაოდენობა, რის გამოც შეიძლება, ხელისუფლებამ უკან დაიხიოს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას.

„ჩემი აზრით, ყველა შეზღუდვა არის მოსახსნელი, შემსუბუქება ნიშნავს, რომ ხელისუფლება უბრალოდ მანიპულირებს სხვადასხვა ტიპის ბიზნესით. მაგალითად, აცხადებენ, რომ გაიხსნება ფრენები პირველი თებერვლიდან, რასაც, ჩემი აზრით, შინაარსი არ გააჩნია, რადგან ფრენების გახსნას რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს, როცა ადამიანი ვერ ჩამოვა საქართველოში. რომ ჩამოვიდეს, ჯერ 12 დღე კარანტინში უშვებენ, იქიდან რომ გამოვა, სასტუმრო არ არის, სადაც შეიძლება, გაჩერდეს, სასტუმროდან რომ გამოვა, საჭმელი რომ მოუნდეს, რესტორანი არ არის, სადაც შეიძლება შევიდეს, არანაირი შინაარსი ასეთ შემსუბუქებას არ აქვს.

მე ვსაუბრობ ამ შეზღუდვების გამო რა პრობლემები არსებობს ქვეყანაში, პრობლემები არის კონკრეტული – ადამიანები იხოცებიან, ჩვეულებრივად იკარგება სიცოცხლეები. ადამიანი რომ დასაქმებული იყო და საკუთარი ბებიისთვის ყიდულობდა წამალს, ვერ ყიდულობს და ბებია კვდება, ეს არ ხვდება კორონას სტატისტიკაში, მაგრამ სინამდვილეში არის გარდაცვლილი ადამიანი მთავრობის შეზღუდვების გამო, უბრალოდ, ამას არავინ ითვლის. აქეთაც ადამიანების სიცოცხლეებია და მე ამაზე ვამახვილებ ყურადღებას“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ. აქციის მინაწილეებმა მსგავსი აქცია კვირასაც გამართეს და მთავრობას მათთვის მუშაობის უფლების აღსადგენად 48-საათიანი ვადა მისცეს. ამასთან, აქციას შეუერთდნენ სხვა სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებიც ეკონომიკის გახსნას ითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

დატოვე კომენტარი