ზურაბ ჯაფარიძე - პროტესტის გაჩერება შეუძლებელია
ზურაბ ჯაფარიძე - პროტესტის გაჩერება შეუძლებელია

„გირჩის“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 18 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე დაკავებულების, მათ შორის მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, სასამართლოში რაიმე მტკიცებულების წარდგენას არავითარი აზრი არ აქვს.

როგორც ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლე მაინც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც წინასწარ არის გამოტანილი.

„წვრილმანი ხულიგნები არიან თვითონ, უკვე მეშვიდედ მასამართლებენ ამ მუხლით. ჩვეულებრივი მასკარადია. ვინმე სერიოზულად უყურებს, რაც აქ ხდება? არანაირი მნიშვნელობა არ ექნება რაიმე მტკიცებულების წარდგენას. პოლიციელები მოყვებიან ზღაპრებს, რომ ზურა ჯაფარიძემ და ზუკა ბერძენიშვილმა თუ სხვამ, როგორ დაიმხეს თავზე ქვეყანა და რა საშინელებები ჩაიდინეს. მიუხედავად იმისა, რას მოვუყვებით, მოსამართლე მაინც დაარტყამს ჩაქუჩს და მოგვისჯის იმას, რაც უკვე გადაწყვეტილია. დაკავებულებს შორის არის „გირჩის“ რამდენიმე წევრიც. პროტესტის გაჩერება შეუძლებელია. ეს ხელისუფლება დამთავრებულია. ახლა საუბარი არის იმაზე, რომ ეს დამთავრება გავაფორმოთ მშვიდობიანად, ცივილიზებულად, რომ საბოლოო ჯამში ამან არ დააზარალოს  ქვეყანა, თორემ ამ ქვეყანას არ უშველის არაფერი“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან აქციაზე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით,  სულ 37 პირი დააკავა. მათგან ერთი – ზურაბ ჯაფარიძე, გუშინ ხელწერის საფუძველზე გათავისუფლდა.