ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ინიციატივის განხილვა ღირს
ზურაბ ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ინიციატივის განხილვა ღირს

„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ინიციატივის განხილვა ღირს.

ხაზარაძის განცხადების იმ ნაწილზე, რომ თბილისის მერი უნდა იყოს მეურნე ადამიანი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, ჯაფარიძე ამბობს, რომ ასეთი ადამიანის მოძებნა რთულად წარმოუდგენია, მაგრამ თუ შანსი არსებობს, მაშინ ამ იდეის განხილვა შესაძლებელია.

„თუ ამ საკითხზე კონსულტაციები იქნება, მგონია, რომ სულ მცირე ამ ინიციატივის განხილვა ღირს. გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, თუმცა „გირჩის“ შიგნით ატმოსფერო ისეთია, რომ „გირჩს“ უნდა ჰქონდეს თავისი საკუთარი კამპანია. შეიძლება, კომბინაციაც დალაგდეს, სადაც „გირჩს“ მაინც თავისი კამპანია ექნება, მაგრამ ამ თამაშის საერთო ნაწილი იქნება.

რთულად წარმომიდგენია, ასეთი ადამიანის მოძებნა, მაგრამ თუ შანსი არსებობს, მაშინ ღირს ამ იდეის განხილვა, რაც მამუკა ხაზარაძემ გაახმოვანა. შეიძლება, ვინმე ჰყავდეს წარმოდგენილი, მე ეგეთი ვერავინ გავიხსენე. თუ მამუკამ იცის ვინმე, განხილვას წინ რა უდგას“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველს უნდა აჩვენონ, როგორ შეიძლება თბილისის მაგალითზე კოალიციური მმართველობა ჰქონდეთ. მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი თქვან მერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე. გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ თბილისის მერი უნდა იყოს მეურნე ადამიანი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.