ზურაბ ჯაფარიძე „ევროპულ საქართველოს“ - ყველა ძალადობრივი სისტემა თქვენი აწყობილია, არ გვაქვს გარანტია, რომ იგივეს არ გააგრძელებთ
ზურაბ ჯაფარიძე „ევროპულ საქართველოს“ - ყველა ძალადობრივი სისტემა თქვენი აწყობილია, არ გვაქვს გარანტია, რომ იგივეს არ გააგრძელებთ

ყველა ძალადობრივი სისტემა, იქნება ეს სასამართლო, პროკურატურა, განათლების სისტემა, თუ საარჩევნო, ყველაფერი თქვენი აწყობილია, – ასე მიმართა პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ფეისბუქლაივის“ დროს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, პარტია „გირჩს“ აქვს ყველანაირი საფუძველი იფიქროს, რომ თუ ძალაუფლება „ევროპული საქართველოს“ ხელში იქნება, სისტემური ძალადობა გაგრძელდება ბევრი მიმართულებით.

„სინამდვილეში ამ არჩევნებზე ორი რამ უნდა გაირკვეს. თუ მოიგო შალვა შავგულიძემ, ეს იქნება სიგნალი, რომ ბიძინა სუსტდება, ხოლო მეორე სიგნალი იქნება, რომ „ევროპული საქართველო“ იმყარებს პოზიციებს. პირველი ძალიან კარგია, ბიძინა რომ სუსტდება, მაგრამ „ევროპული საქართველო“ რომ გაიმყარებს პოზიციებს, ეს რამდენად კარგია, ამაში „გირჩი“ მაინცდამაინც არ არის დარწმუნებული. იქამდე, ვიდრე თქვენი პარტიის თავმჯდომარე დიდი კელაპტრებით დარბის რელიგიურ დღესასწაულებზე ტელევიზიაში გამოსაჩენად, სანამ გულწრფელად არ დავინახავთ, რა გინდათ საერთოდ, გარდა ძალაუფლებისა და კომფორტისა, სანამ ნარკოპოლიტიკაზე გექნებათ პოზიცია, რომ მხარს კი ვუჭერთ დეკრიმინალიზაციას, მაგრამ კომპლექსური მიდგომაა საჭირო. სინამდვილეში მხარს უჭერთ იმას, რომ უდანაშაულო ხალხი გაუშვათ ციხეში იმის შიშით, რომ ხმები არ დაკარგოთ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი გარანტია, რას იზამთ, როდესაც ძალაუფლება თქვენი იქნება. მეტიც, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ სისტემური ძალადობა გაგრძელდება ბევრი მიმართულებით. მთავარია, ბიძინა გავუშვათ და მერე ყველაფერი კარგად იქნება, მაგას „გირჩი“ არ ჭამს. შინაარსი და აზრი გვაინტერესებს, მართლა თუ არ დავინახეთ ეს, არაფერი გამოვა, მანამდე ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს გამარჯვებაზე. თუ ითხოვთ, რომ გენდოთ, არ გენდობით. არც იმის ზომვას ვაპირებთ, ვის ხელში უფრო ნაკლებად იქნება ძალადობრივი სისტემა. ყველა ძალადობრივი სისტემა, იქნება ეს სასამართლო, პროკურატურა, განათლების სისტემა თუ საარჩევნო, ყველაფერი თქვენი აწყობილია. ამათი აწყობილი არ გაიშვა. თქვენი აწყობილი სისტემა ამათ გადმოიბარეს. არ გვაქვს გარანტია, რომ უკან არ გადაიბარებთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს განაცხადა, რომ თუ „ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკს მათი ხმები სჭირდება, პარტიას უნდა დაელაპარაკოს და აუხსნას, რატომ იმსახურებს ესა თუ ის კანდიდატი „გირჩის“ ამომრჩეველთა ხმებს. „თუ ვინმეს ჩვენი ხმები უნდა, დაგველაპარაკოს, ბიძინა გავუშვათ და მერე ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგას „გირჩი“ არ ჭამს“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.