ზურაბ ჯაფარიძე - თუ ვინმეს ჩვენი ხმები უნდა, დაგველაპარაკოს, ბიძინა გავუშვათ და მერე ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგას „გირჩი“ არ ჭამს
ზურაბ ჯაფარიძე - თუ ვინმეს ჩვენი ხმები უნდა, დაგველაპარაკოს, ბიძინა გავუშვათ და მერე ყველაფერი კარგად იქნებაო, მაგას „გირჩი“ არ ჭამს

პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ „ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკს მათი ხმები სჭირდება, პარტიას უნდა დაელაპარაკოს და აუხსნას, რატომ იმსახურებს ესა თუ ის კანდიდატი „გირჩის“ ამომრჩეველთა ხმებს.

ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა.

„მივმართავ იმ ხალხს, ვინც წერს და გვამუნათებს, შავგულიძეს რატომ არ უჭერთ მხარს მეორე ტურშიო. რადგან ვიღაცები ფიქრობთ, რომ მორალური უპირატესობის პოზიციიდან შეგიძლიათ, „გირჩს“ ელაპარაკოთ, აგიხსნით და იქნებ მომავლისთვის გაითვალისწინოთ. თუ ხმები გინდათ, უნდა დაიწყოთ თხოვნით, არსებობს ასეთი ზმნა ქართულში – თხოვნა. შეგიძლიათ, წესიერად ითხოვოთ, იქნებ გაძლევთ. აუ, ახლა დროზე აასხით „გირჩმა“, მიდით საარჩევნო უბნებზე და შემოხაზეთ ჩვენი კანდიდატი, თორემ „ქოცებს“ დაგიძახებთო, ეს თხოვნა არ არის. ეგ არის მორალური დამუნათება, ისიც ძალიან იაფი. შეიძლება, ეგეთი ტიპის დამუნათება თქვენს აქტივისტებზე მოქმედებს, მაგრამ „გირჩში“ ეგეთი დამუნათება მაგრად გვკიდია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, „გირჩმა“ შალვა შავგულიძე პარტიის წარმომადგენლებთან შესახვედრად მიიწვია, თუმცა მიწვევის მიუხედავად, შავგულიძე არ მისულა.

„გირჩი“ არ არის სტანდარტული ქართული პარტია, რომელსაც აქვს პარტიული სტრუქტურა თავისი კოორდინატორებითა და უბნის უფროსებით, რომელშიც პარტია ზემოდან ქვემოთ ჩაასხამს ფულს და შესაბამის ხმებს საითაც უნდა იქით გაუშვებს. „გირჩის“ ხმები არავის ჭკუაზე არ დადის, მათ შორის არც ჩემი, ცხვრები არ არიან. თუ რამე გვევასება „გირჩში“ პირველ რიგში, ეგ გვევასება, რომ ცხვრები არ ვართ. შესაბამისად, თუ უნდა ვინმეს ჩვენი ხმები, უნდა დაგველაპარაკოს. უნდა აგვიხსნას, რატომ იმსახურებს ესა თუ ის კანდიდატი „გირჩის“ ამომრჩევლების ხმებს. ამის შანსი ჰქონდა „ევროპულ საქართველოს“. შალვა შავგულიძეს, ისევე, როგორც სხვა კანდიდატებს, შევთავაზეთ, ჩვენთან მოსულიყო და რამდენიმე კითხვაზე გაეცა პასუხი, რომ გაგვერკვია რანაირი ადამიანია, რა ღირებულებები და ფასეულობები აქვს, რას უნდა ველოდოთ მომავალში ამ ადამიანისგან.

მიუხედავად შალვა შავგულიძის წესიერებისა, რაშიც ეჭვი არ მეპარება, რადგან მასთან ერთად პარლამენტშიც ვიყავი და ბევრი მსმენია მის შესახებ, მსმენია, რომ წესიერი ადამიანია. ყველას კარგად ესმის, რომ შალვა შავგულიძე ახლა არის ფასადზე გამოდგმული თოჯინა, რომელსაც „ევროპული საქართველო“ ჯერ გენპროკურორის თანამდებობაზე აპირებდა გაეშვა, ახლა აპირებს, რომ პარლამენტში შეუშვას. ანუ სხვა პარტიის თავმჯდომარეს უკვე მეორედ უშვებს მაღალ თანამდებობაზე პარტია, რომელსაც პრეტენზია აქვს რაღაცებზე. გასაგებია, რომ შავგულიძეს არავინ არაფერს შეეკითხება, თუ ოდესმე „ევროპულმა საქართველომ“ მართლა ჩაიგდო ძალაუფლება ხელში. ყველას კარგად ესმის, რომ ეს არჩევნები არაფერს ცვლის პარლამენტში.

სინამდვილეში ამ არჩევნებზე ორი რამ უნდა გაირკვეს. თუ მოიგო შალვა შავგულიძემ, ეს იქნება სიგნალი, რომ ბიძინა სუსტდება, ხოლო მეორე სიგნალი იქნება, რომ „ევროპული საქართველო“ იმყარებს პოზიციებს. ძალიან კარგია, ბიძინა რომ დასუსტდება, მაგრამ „ევროპული საქართველო“ რომ გაიმყარებს პოზიციებს, ეს რამდენად კარგია, ამაში „გირჩი“ მაინცდამაინც არ არის დარწმუნებული.

იქამდე, ვიდრე თქვენი პარტიის თავმჯდომარე დიდი კელაპტრებით დარბის რელიგიურ დღესასწაულებზე ტელევიზიაში გამოსაჩენად, სანამ გულწრფელად არ დავინახავთ, რა გინდათ საერთოდ, გარდა ძალაუფლებისა და კომფორტისა, სანამ ნარკოპოლიტიკაზე გექნებათ პოზიცია, რომ მხარს კი ვუჭერთ დეკრიმინალიზაციას, მაგრამ კომპლექსური მიდგომაა საჭირო. სინამდვილეში მხარს უჭერთ იმას, რომ უდანაშაულო ხალხი გაუშვათ ციხეში იმის შიშით, რომ ხმები არ დაკარგოთ. ჩვენ არ გვაქვს არანაირი გარანტია, რას იზამთ, როდესაც ძალაუფლება თქვენი იქნება. მეტიც, ყველანაირი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ სისტემური ძალადობა გაგრძელდება ბევრი მიმართულებით. მთავარია, ბიძინა გავუშვათ და მერე ყველაფერი კარგად იქნება, მაგას „გირჩი“ არ ჭამს. შინაარსი და აზრი გვაინტერესებს, მართლა თუ არ დავინახეთ ეს, არაფერი გამოვა“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.