ზურაბ ფაღავა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი ზეწოლის გამო დატოვა
ზურაბ ფაღავა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი ზეწოლის გამო დატოვა

ექიმი ზურაბ ფაღავა უარყოფს ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმი ზეწოლის გამო დატოვა.

როგორც ფაღავამ განაცხადა, კონსილიუმის დატოვების მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა.

„არაერთხელ გავაკეთე განმარტება, რომ არანაირი დაპირისპირება არ გვქონია. ჯერ კიდევ ბოლო კონსილიუმის შემდეგ სახლში რომ მოვედი, თავი ვერ ვიგრძენი კარგად და მივხვდი, რომ კოვიდის შემდეგ ბოლომდე რეაბილიტირებული არ ვარ. მაშინ მივმართე ვისაც ეს ეხება და ვთხოვე, შეაჩეროს, რადგან მივხვდი, ვერ შევძლებდი ასეთ აქტივობას, რადგან აქ ძალიან სერიოზული ძალისხმევაა საჭირო. ამავე დროს, სიმართლე გითხრათ, კონსილიუმმა ერთგვარად ამოწურა თავის ყველა სტრატეგიული დასკვნა, რაც კონსილიუმს მოეთხოვება. ჩემი აზრით, საჭიროა დარგობრივი კონსულტაციები“, – განაცხადა ზურაბ ფაღავამ.

მისივე თქმით, კონსილიუმის დასკვნის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ „რაიმე სიმპტომის გამოჩენის შემდეგ პაციენტი გადასაყვანი იქნება ამა და ამ ტიპის სტაციონარში“.

„ის, რისი მომხრეც ვიყავი, დავწერე ასევე, როგორც დაწერეს ჩემმა კოლეგებმა და ყველამ მოაწერა ხელი. ჩვენ მოვაწერეთ ხელი იმას, რასაც ვთვლიდით საჭიროდ. დედამიწის ზურგზე ვერავინ შემაცვლევინებს ჩემს საექიმო გადაწყვეტილებას. მე ვიყავი მომხრე პაციენტის გადაყვანაზე მრავალპროფილურ კლინიკაში. რაც დავწერეთ ჩვენ, ყველამ ერთად. შინაარსი მდგომარეობს იმაზე, რომ არის ასეთ და ასეთ მდგომარეობაში. თუ მდგომარეობა ასეთნაირად განვითარდება, იმ მომენტში არ იყო დასაწვენი, მაგრამ თუ გაჩნდება ესა თუ ეს სიმპტომები, პაციენტი გადასაყვანი იქნება ამა და ამ ტიპის სტაციონარში. ასეთია კონსილიუმის დასკვნა“, – განაცხადა ზურაბ ფაღავამ.