ზურაბ ჭიაბერაშვილი - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული დავა მიუთითებს, რომ ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი არ არსებობს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული დავა მიუთითებს, რომ ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი არ არსებობს

„თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული დავა პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი პრაქტიკულად არ არსებობს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა მამუკა ხაზარაძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

ჭიაბერაშვილის შეფასებით, ყველას კარგად ესმის, რომ შექმნილი ვითარება არც მხოლოდ კონკრეტული პიროვნების და არც „თიბისი ბანკის“ საკითხია.

„ვფიქრობ, ქვეყანაში ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არც ერთი პიროვნების და არც ერთი ბანკის საკითხი არ არის. „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული დავა პირდაპირ მიუთითებს, რომ ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი პრაქტიკულად არ არსებობს. უცხოელ ინვესტორებზე კი არ არის აქ საუბარი, ადგილობრივი ქართველი მეწარმეც კი ფულს არ ჩადებს და ბიზნესს არ გააფართოებს, როცა ხედავს, რომ ასეთ მსხვილ ბანკს და მის დამფუძნებელ მსხვილ აქციონერს, ბიძინა ივანიშვილმა ხელი ისე გადაუგრიხა, რომ თვალი არ დაუხამხამებია. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ ქვეყანას, როგორც ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე დაგვიანონსა – ქვეყანა ორღობეს, რომელსაც თურმე, არც ანაკლიის პორტი და არც განვითარება სჭირდება. ეს ბიძინა ივანიშვილის ორღობეა, სადაც ხეს ერთი ადგილიდან მეორეზე გადარგავს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, როგორი აგრესიაც უნდა იყოს ბანკის და საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, ეკონომიკა ამაზე დგას.

„საბოლოო ჯამში, ქვეყანა პერსპექტივის გარეშე დარჩება, თუ ბიზნესის მიმართ ამ მთავრობის პოლიტიკა ისეთია, როგორიც დღეს არის“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკს“ ტოვებს. ასევე, როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ლონდონში „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭომ ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოდან მიდიან, თუმცა რჩებიან ბანკის მფლობელ „თიბისი ბანკის ჯგუფის“ (TBC Bank Group PLC) დირექტორთა საბჭოში.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 14 თებერვალს „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა. ასევე, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისთვის ორთვიანი ვადა მისცა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში, შპს „სამგორი თრეიდმა“ და შპს „სამგორი ემმა“, „თიბისი ბანკისგან“, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს საერთო ჯამში 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი. კომპანიების ანგარიშებზე სესხის თანხის განთავსებისთანავე, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა დასახელებულ კომპანიებს. 2008 წლის ბოლოს, „თიბისი ბანკმა“, აღნიშნული სესხები, საბანკო რეგულაციებით დადგენილ ვადაზე ადრე, დაუსაბუთებლად ჩამოწერა და გარე საბალანსო ანგარიშზე გადაიტანა, ხოლო 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ეს კომპანიები ბანკის წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებისგან, როდესაც დათანხმდა ამ ვალდებულებების ოფშორულ კომპანიაზე გადატანას. გარდა ამისა, პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს არ გაუსტუმრებიათ შპს „სამგორი თრეიდისა“ და შპს „სამგორი ემის“ ვალი.