ზურაბ ჭიაბერაშვილი - ხელისუფლებას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენას ვთავაზობთ
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ხელისუფლებას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენას ვთავაზობთ

„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შედგენას სთავაზობს, – ამის შესახებ პარტიის წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ბურთი მმართველი გუნდის მოედანზეა და ხელისუფლებამ ამ ტიპის პოლიტიური ინსტრუმენტის შექმნის აუცილებლობა კარგად უნდა გაიაზროს.

„ხელისუფლებას ვთავაზობთ ძალიან კონკრეტული პოლიტიკური ინსტრუმენტის შექმნას, რომელიც ფასად დაუსვამს საოკუპაციო რეჟიმის იმგვარ თავხედობას, რასაც ჩვენ ვხედავთ ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ ვნახეთ საოკუპაციო ხაზზე დახვრეტილი გიგა ოთხოზორია, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით და ამიტომ აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს ძალიან მკაფიო პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთს დაუსვამს სერიოზულ პოლიტიკურ ფასს“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ევროპული საქართველო“ „მაგნიტსკის სიის“ მსგავსად ოთხოზორიას სიის შედგენის ინიციატივით გამოდის. პოლიტიკურმა პარტიამ აღნიშნული ინიციატივა 25 თებერვალს დააყენა.

სერგეი მაგნიტსკი, რომლის სახელსაც ატარებს კანონი, საინვესტიციო ფონდ Hermitage-ის იურისტი იყო, რომელიც 2009 წელს რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. ის რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებს იძიებდა. მის სიკვდილში რუს მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ.

ე.წ. მაგნიტსკის კანონი აშშ-მა 2012 წელს მიიღო. ის ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აშშ-ის ხელისუფლების აზრით, რუსეთში ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებთან არის დაკავშირებული. ბოლოს აშშ-მა „მაგნიტსკის სია“ 2016 წლის იანვარში განაახლა.