„ევროპული საქართველო“ „მაგნიტსკის სიის“ მსგავსად „ოთხოზორიას სიის“ შედგენის ინიციატივით გამოდის
„ევროპული საქართველო“ „მაგნიტსკის სიის“ მსგავსად „ოთხოზორიას სიის“ შედგენის ინიციატივით გამოდის

ევროპული საქართველო „მაგნიტსკის სიის“ მსგავსად ოთხოზორიას სიის შედგენის ინიციატივით გამოდის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ განუცხადა.

ბაქრაძის თქმით, აღნიშნული სია ყველა პარტნიორს გადაეგზავნება.

„სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმებს სამხრეთ ოსეთშიც და აფხაზეთში აქვთ სრული დაუსჯელობის განცდა და ამასთან, აქვთ განცდა, რომ რაც არ უნდა გააკეთონ, პასუხს არავინ არაფერზე მოსთხოვს. სწორედ ამიტომ, „ევროპული სქართველოს“ ინიციატივაა, „მაგნიტსკის სიის“ ანალოგიურად შეიქმნას „ოთხოზორიას სია“, რომლითაც მივმართავთ ყველა ჩვენს პარტნიორს, რომ თითოეულმა სეპარატისტმა, მკვლელმა, მათმა მხარდამჭერებმა მოსკოვში იცოდნენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც ხოცავენ ქართველებს, აღარ ექნებათ საშუალება წავიდნენ უცხოეთში და ჰქონდეთ იქ ანგარიშები. თითოეული მათგანი იქნება დასმული საერთაშორისო ძებნაზე, რადგან, სადაც არ უნდა გავიდნენ ოკუპირებული ტერიტორიიდან, მათ მიმართ გატარდება შესაბამისი სანქციები. თუ არ გადავდგით ეს ნაბიჯები, მათი დაუსჯელობა და თავხედობა ყველანაირ ზღვარს სცილდება. ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები. ოთხოზორიას ინიციატივა ყველას ძალიან მწარედ გვაფიქრებს, არა მხოლოდ იმ ხალხს, ვინც ოკუპირებულ რეგიონში ჩადის, არამედ მათ მოსკოველ მფარველებს მწარედ დააფიქრებს, რომ საქართველოს ოკუპაცია და იქ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა არის დასჯადი და გადაიხდიან კონკრეტულ ფასს ამ სისასტიკისთვის“, – განაცხადა ბაქრაძემ.

სერგეი მაგნიტსკი, რომლის სახელსაც ატარებს კანონი, საინვესტიციო ფონდ Hermitage-ის იურისტი იყო, რომელიც 2009 წელს რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაიცვალა. ის რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებს იძიებდა. მის სიკვდილში რუს მაღალჩინოსნებს ადანაშაულებენ.

ე.წ. მაგნიტსკის კანონი აშშ-მა 2012 წელს მიიღო. ის ითვალისწინებს სანქციების დაწესებას იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აშშ-ის ხელისუფლების აზრით, რუსეთში ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებთან არის დაკავშირებული. ბოლოს აშშ-მა „მაგნიტსკის სია“ 2016 წლის იანვარში განაახლა.