ზურაბ ჭიაბერაშვილი - დავით ზალკალიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრიდან არაფერი სასიკეთოს მოლოდინი არ გვაქვს
ზურაბ ჭიაბერაშვილი - დავით ზალკალიანის და სერგეი ლავროვის შეხვედრიდან არაფერი სასიკეთოს მოლოდინი არ გვაქვს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრიდან სასიკეთო მოლოდინი არ აქვს.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მიმართ ქართული საზოგადოების მხრიდან ნდობა არ არის, რომ ის ქვეყნისთვის საზიანო დათმობებზე არ წავა.

„არაფერი სასიკეთოს მოლოდინი არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მთავრობას, ივანიშვილის მთავრობას, გავრილოვის მთავრობას არანაირი ნდობა ქართული საზოგადოების მხრიდან, რომ ის არ გააკეთებს რუსეთის მიმართ რამე ქვეყნისთვის საზიანო დათმობებს, არ აქვს. შესაბამისად, მით უმეტეს, როცა შეხვედრა ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გარეშე, არსებობს ძალიან დიდი ეჭვი, დაიცავს თუ არა საკმარისად ივანიშვილის მთავრობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჯერჯერობით, რასაც განვლილი შვიდი წლის განმავლობაში ვუყურებთ, ვხედავთ იმას, რომ მათმა პოლიტიკამ რუსეთის მიმართ არ გაამართლა, რუსეთი კიდევ უფრო გათავხედდა და აგრესიული გახდა“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, მთავარია რუსეთთან საუბარი საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით მოხდეს.

„ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ რუსეთს ველაპარაკოთ საერთაშორისო პარტნიორების თანდასწრებით, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნების“ მთავრობა მიისწრაფვის იქითკენ, რომ რუსეთს დახურულ კარს მიღმა ელაპარაკოს და ჩვენ პრაქტიკულად ინფორმაცია არ გვქონდეს, რას ლაპარაკობს ლავროვი და ზალკალიანი“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, ნიუ იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი.