ზურაბ ჭიაბერაშვილი - აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების გატაცება ჩვეულ საქმიანობად იქცა
ზურაბ ჭიაბერაშვილი - აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების გატაცება ჩვეულ საქმიანობად იქცა

აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ საოკუპაციო საზღვრის გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების გატაცება რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებისა და დე ფაქტო ძალების ჩვეულ საქმიანობად იქცა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისა, სადაც რეზოლუციის პროექტს – „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ მხარი დაუჭირეს.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, „გატაცებები ხდება არა ყოველთვიურად ან ყოველკვირეულად, არამედ ზოგჯერ ეს ხდება რამდენიმე დღე ზედიზედ“.

„ეს აქტები საგანგაშოა, თუმცა ნამდვილ ტრაგედიად იქცა, როდესაც რუსმა სამხედრომ, რომელიც ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია, საოკუპაციო ხაზის გადასასვლელ პუნქტზე მოკლა გიგა ოთხოზორია, როდესაც რუსეთის მარიონეტებმა სამხრეთ ოსეთში გაიტაცეს არჩილ ტატუნაშვილი, აწამებს, მოკლეს და რამდენიმე კვირის განმავლობაში უარს ეუბნებოდნენ ოჯახს მისი ცხედრის გადაცემაზე, როდესაც 18 წლის დავით ბაშარული გაუჩინარდა ახალგორში დაკავების იზოლატოროდან და ის ექვსი თვის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

კითხვა შემდეგია – როგორ შეუძლია ეუთო-ს და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას ხელი შეუწყოს ამ არაადამიანური, ძალადობრივი ფაქტების შეჩერებას? ვეთანხმები წარდგენილი რეზოლუციის სულისკვეთებას.

ამ ქმედებების დაგმობით, რუსეთის ფედერაციისთვის, როგორც ოკუპანტი ძალისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით, რუსეთისთვის მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ მოწოდებით, ჩვენ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ ოკუპანტი სახელმწიფო და მისი მარიონეტები შევაკავოთ მსგავსი ძალადობრივი ქმედებების გაგრძელებისგან“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტმა ორი თვის წინ მიიღო ორპარტიული რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, გააგრძელოს გამოძიება ამ ფაქტების ჩამდენი პასუხისმგებელი პირების გასასამართლებლად.

„ეუთო- ს საპარლამენტო ასამბლეა ამ რეზოლუციის მხარდაჭერით ასევე ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას“,- აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში რეზოლუციის პროექტს – „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ დღეს მხარი დაუჭირეს.