ზურაბ აზარაშვილი - სტომატოლოგიურ კლინიკაში მისული პაციენტები მაქსიმალურად უნდა იყვნენ დაცული და მათ მაღალი ხარისხის, სრულყოფილი მომსახურება უნდა შევთავაზოთ
ზურაბ აზარაშვილი - სტომატოლოგიურ კლინიკაში მისული პაციენტები მაქსიმალურად უნდა იყვნენ დაცული და მათ მაღალი ხარისხის, სრულყოფილი მომსახურება უნდა შევთავაზოთ

სტომატოლოგიურ კლინიკაში მისული პაციენტები მაქსიმალურად უნდა იყვნენ დაცული და მათ მაღალი ხარისხის, სრულყოფილი მომსახურება უნდა შევთავაზოთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, კლინიკებს ორი თვის განმავლობაში ექნებათ ვადა, რომ სტანდარტების შესაბამისი სერვისები უზრუნველყონ, რის შემდეგაც რეგულირების სააგენტო ადგილზე მივა და სტომატოლოგიურ დაწესებულებებს შეამოწმებს.

„სამწუხაროდ, ხშირად იყო შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ინფექცია, მათ შორის C ჰეპატიტი ვრცელდებოდა სტომატოლოგიური კლინიკებიდან. ახალი სტომატოლოგიური კლინიკების შემთხვევაში, ჩვენ უნდა მოგვმართონ, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახური, რეგულირების სააგენტო ადგილზე მივა და შეამოწმებს, კრიტერიუმების მიხედვით არის თუ არა მოწყობილი ინფრასტრუქტურა, არიან თუ არა შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები. ასევე სტომატოლოგიურ დაწესებულებებს ინფექციის კონტროლთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიების გატარება მოუწევთ, რადგან კლინიკაში მისული პაციენტები მაქსიმალურად უნდა იყვნენ დაცული და მათ მაღალი ხარისხის, სრულყოფილი მომსახურება უნდა შევთავაზოთ. რაც შეეხება არსებულ კლინიკებს, ორი თვის განმავლობაში ექნებათ გამოსწორების შესაძლებლობა, რათა შემდეგ ადგილზე მივიდეთ და შევამოწმოთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ამასთან, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სტომატოლოგიურ დაწესებულებებს, რომლებიც ახალი სტანდარტების შესაბამის სანებართვო პირობებს ვერ დააკმაყოფილებენ, მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ ექნებათ.

მისივე თქმით, ნებართვების მისაღებად კლინიკების მხრიდან შესაძლოა, მინიმალური თანხა იყოს გადასახდელი და ამ მხრივ მათ პრობლემები არ შეექმნებათ.

„ჩვენი შიდასტანდარტის მიხედვით, განსაზღვრულია სანებართვო პირობები. კლინიკამ, რომელიც გონივრულ ვადებში ვერ შეძლებს ელემენტარული სტანდარტების დაკმაყოფილებას, მუშაობა ვერ უნდა გააგრძელოს, რადგან ეს საკმაოდ მაღალი რისკის საქმიანობაა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე, სკრინინგი C ჰეპატიტზე, გამოყოს ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირი.