სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე, სკრინინგი C ჰეპატიტზე, გამოყოს ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირი
სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე, სკრინინგი C ჰეპატიტზე, გამოყოს ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირი

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს.

„ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა. ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა. სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე ექვს თვეში ერთხელ. ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის 2024 წლის იანვრიდან იქნება სავალდებულო. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.