ზურაბ აზარაშვილი - პირველადი ინფორმაციით, სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარი არის უბედური შემთხვევა, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან
ზურაბ აზარაშვილი - პირველადი ინფორმაციით, სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარი არის უბედური შემთხვევა, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა.

„პირველ რიგში, მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს. ვერ დაგეთანხმებით, რომ ეს შეიძლება, რამე კავშირში იყოს წინა დღეებში განვითარებულ მოვლენებთან. ეს არის უბედური შემთხვევა, რაც სამწუხაროდ, მოხდა და ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა და ჩემი თხოვნა იქნება, გამოძიების შედეგებს დაველოდოთ და ნუ დავაკავშირებთ ამას დევნილების პრობლემასთან.

რაც შეეხება დევნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ამასთან დაკავშირებით, მინისტრობის პირველივე დღიდანვე სამინისტროში კონსულტაციები იმართება. გვაქვს კონკრეტული ხედვა და გეგმა, როგორ უნდა უზრუნველვყოთ ბინით 13 ათასი დევნილი ოჯახი, დასახული გვაქვს პრიორიტეტები და ზუსტად ვიცით, რა გეგმებს უნდა მივყვეთ. იმ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ დევნილებს პერიოდულად ეცნობებათ ამ პროცესის მიმდინარეობის სტატუსი, რასაც ჩვენ გამჭვირვალედ მივყვებით. იმ დათქმულ ვადებში ჩვენ ამ პირობებს შევასრულებთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გუშინ ზღვისუბანში, სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი ზურაბ ჭიჭოშვილი შენობის სახურავიდან გადმოხტა და გარდაიცვალა. როგორც სანატორიუმ „ქართლთან“ შეკრებილებმა განაცხადეს, მამაკაცი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან, ასევე საქართველოს მთავრობისგან ყურადღებას და დევნილთათვის საცხოვრებელ სახლებს ითხოვდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. უწყების ცნობით, ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს.