ზურაბ ალავიძე - ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სრული მობილიზაციაა გამოცხადებული
ზურაბ ალავიძე - ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სრული მობილიზაციაა გამოცხადებული

ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად ძალიან მაღალი დონის კომისიაა შექმნილი და სრული მობილიზაციაა გამოცხადებული, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც დანელიამ აღნიშნა, რომ ზურაბ ალავიძემ სხდომა დაწყებიდან რამდენიმე წუთში დატოვა და ერთხელაც არ უნახავს იმ რეგიონებში, რომელთაც ფაროსანამ გადაუარა.

როგორც ზურაბ ალავიძემ აღნიშნა, არ აქვს ინფორმაცია დანელიას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით და გაურკვეველია, რატომ გააკეთა მან ასეთი განცხადება.

ალავიძის თქმით, სხდომაზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. მისი თქმით, ის, რომ მან სხდომა მალევე დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, შექმნილია სამთავრობო კომისია ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად, სადაც გაერთიანებული არიან მინისტრები, დეპუტატები, მეცნიერები და ყველა დაინტერესებული ადამიანი.

„ძალიან მაღალი დონის კომისიაა. ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. წელს სერიოზული მობილიზებით შევხვდებით. თანხებიც საკმაოდ არის გამოყოფილი. პირველი კომისიის სხდომამ ჩვეულებრივად ჩაიარა. არ ვიცნობ ოთარ დანელიას დღევანდელ განცხადებას, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ მობილიზებული ვარ ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად მთელი ქვეყნის მასშტაბით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ჭირი დავამარცხოთ. ყოველ შემთხვევაში, წელს რაოდენობაში მაინც რომ შევამციროთ, რადგან ერთ წელიწადში ამის მოგვარება ალბათ ძალიან რთული იქნება. მაქსიმალური მობილიზაცია გვაქვს ამ კუთხით გამოცხადებული, როგორც ფინანსურად, ასევე მაქისმალურად ვართ ჩართულნი“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ დღეს განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი ერთხელაც არ უნახავს იმ რეგიონებში, რომელთაც ფაროსანამ გადაუარა.