ოთარ დანელია - ინფრასტრუქტურის მინისტრი ერთხელაც არ მინახავს იმ რეგიონებში, რომელთაც ფაროსანამ გადაუარა
ოთარ დანელია - ინფრასტრუქტურის მინისტრი ერთხელაც არ მინახავს იმ რეგიონებში, რომელთაც ფაროსანამ გადაუარა

მთავრობის ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ფაროსანას წინააღმდეგ მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავს, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ პარლამენტში განაცხადა.

ოთარ დანელიამ მადლობა გადაუხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს უწყებათაშორის კომისიაში გაწეული სამუშაოსთვის და კარგად მომზადებული გეგმისთვის.

„მინდა შევეხო ძალიან დიდ გამოწვევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, აზიურ ფაროსანაზეა საუბარი. მოგეხსნებათ, რომ მთავრობის ინიციატივით შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელიც ფაროსანის წინააღმდეგ მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავს. მინდა, ლევან დავითაშვილს, რომელიც ხელმძღვანელობს კომისიას, დიდი მადლობა გადავუხადო მის გუნდთან ერთად ყველა გაწეული სამუშაოსთვის და ძალიან კარგად მომზადებული გეგმისთვის, თუმცა, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. მაქვს განცდა, რომ არასათანადოდ არის აღქმული ის პრობლემა, რომელიც ჩვენ გვექნება მიმდინარე წელს.

შეგახსენებთ, სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას, აჭარას პრაქტიკულად გადაუარა ფაროსანამ. ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრი არც კი ესწრება ბოლომდე სხდომას და ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში, ის ერთხელაც არ მინახავს რეგიონში ჩასული“, – განაცხადა დანელიამ.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მოუწოდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, უწყებათაშორის კომისიას უხელმძღვანელოს.

„მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, თუ თავად უხელმძღვანელებს ამ კომისიას, ვინაიდან ამაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშეა დღეს არ არსებობს. ის არაფრით არ ჩამოუვარდება იმ პრობლემას, რომელიც ხანძრის დროს იყო ბორჯომში. ვფიქრობ, იგივე დოზითა და ფორმით კონსოლიდაცია მთავრობისა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ღონისძიებების ეფექტურად გატარებას სჭირდება მართვის უმაღლესი სტატუსი“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.