ზურაბ აბაშიძე - რუსეთის წარმომადგენლები ყოველთვის აპროტესტებენ ნატო-ს გაფართოებას, ჩვენ გაკეთებული გვაქვს არჩევანი
ზურაბ აბაშიძე - რუსეთის წარმომადგენლები ყოველთვის აპროტესტებენ ნატო-ს გაფართოებას, ჩვენ გაკეთებული გვაქვს არჩევანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ რუსეთი ყოველთვის აპროტესტებდა და დღესაც აპროტესტებდა ნატო-ს გაფართოებას. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ პირველ არხს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა.

„რუსეთის ფედერაციის ოფიციალური პირები ყველა დონეზე აპროტესტებდნენ და აპროტესტებენ ნატო-ს გაფართოებას. ჩვენ გაკეთებული გვაქვს არჩევანი და გვაქვს ჩვენი გზა. ეს განცხადებები პრაღაშიც მსმენია. ჟენევაშიც საუბრობენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ამ თემაზე და ყველგან აფიქსირებენ ამ პოზიციას, სადაც საშუალება მიეცემათ“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

მისი თქმით, რუსეთის წარმომადგენელთა მხრიდან მსგავსი განცხადებები ჯერ კიდევ 90-იანები წლებიდან ისმის, როდესაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების თვალსაზრისით პირველი ნაბიჯები იდგმებოდა.

„ბოლო პერიოდში მათი დამოკიდებულება კიდევ უფრო დამძიმდა და ეს რეალობაა. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ნატო-სთან, ამ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაციის მიზნით. საქართველოს ნატო-სთან და ზოგადად ევროინტეგრაციის გზაზე დიდი პროგრესი აქვს და ვაგრძელებთ ამ თვალსაზრისით ინტენსიურ მუშაობას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გუშინ განაცხადა, რომ ნატო-ს აქტოვობის გაზრდასა და ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებას მოსკოვი სათანადოდ უპასუხებს