ზურაბ აბაშიძე - რუსეთის მიერ ფრენების აღდგენის კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, თუმცა ახალი ინფორმაციის მოლოდინი არსებობს
ზურაბ აბაშიძე - რუსეთის მიერ ფრენების აღდგენის კონკრეტული თარიღი არ დასახელებულა, თუმცა ახალი ინფორმაციის მოლოდინი არსებობს

საქართველო-რუსეთს შორის ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ზუსტ თარიღი ჯერ არ დასახელებულა, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ საქართველოს პირველ არხთან განაცხადა.

მისი თქმით, საკითხზე ახალი ინფორმაცია შესაძლოა, რუსეთის წარმომადგენელ გრიგორი კარასინთან მორიგ შეხვედრაზე გამოიკვეთოს, რომელიც სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში გაიმართება.

„ჩვენ გვქონდა წინა შეხვედრა პრაღის ფორმატში, ნოემბრის ბოლოს. მაშინ მოვისმინეთ, რომ ამაზე ფიქრობენ, მაგრამ ზუსტი თარიღები არ დასახელებულა. შემდეგ გაკეთდა კომენტარები. მოვისმინეთ, რომ მუშაობენ ამ საკითხზე და ა.შ. თუ იქნება უფრო კონკრეტული ინფორმაცია, მოვისმენთ და გაგიზიარებთ. ადრეც ვთქვით, რომ თუ მოხდება ფრენების აღდგენა, ჩვენ ამას მივესალმებით. დაველოდოთ, მარტამდეც თუ იქნება სიახლე, ამასაც გავიგებთ. გავიმეორებ, რომ ფრენების აღდგენის კონკრეტული თარიღები ჯერ არ დასახელებულა, თუმცა არის მოლოდინი, რომ შეიძლება, ახალი ინფორმაციები იყოს. თუ იქნება სიახლე, შეიძლება, ეს გავიგოთ პრაღის შეხვედრაზე, ან მანამდეც“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

როგორც მან აღნიშნა, თუ ფრენების განახლებაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება, ტექნიკური თვალსაზრისით ამ საკითხის მოგვარება პრობლემას არ წარმოადგენს.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ არის და ეს ხელოვნურად მოტანილი პრობლემაა, თავადაც იციან, რომ არანაირი ასეთი შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო. თუ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამის შემდეგ ფრენების აღდგენას ტექნიკური, საორგანიზაციო თვალსაზრისით ბევრი არაფერი სჭირდება, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერჯერობით ასეთი გადაწყვეტილება მიღებული არ არის“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავენ, მათ შორის საუბარი შეეხება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს.

საქართველოსთან ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ოფიციალურად რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები გასული წლის 8 ივლისს შეწყდა.

დატოვე კომენტარი