ზურაბ აბაშიძე - მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა ფორმატს და შესაძლებლობას, რათა ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ შედეგს
ზურაბ აბაშიძე - მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა ფორმატს და შესაძლებლობას, რათა ზაზა გახელაძესთან დაკავშირებით რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ შედეგს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, სახელმწიფო ზაზა გახელაძის გასათავისუფლებად მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობასა და ფორმატს იყენებს.

მისივე თქმით, ზაზა გახელაძის თემა ასევე ცენტრალური საკითხი იქნება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში.

„ზაზა გახელაძეზე ვისაუბრე ჩემს კოლეგასთან, როდესაც ორი-სამი კვირის წინ მქონდა ონლაინ შეხვედრა, სატელეფონო საუბრების დროსაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, ფორმატს და საშუალებას, რაც სახელმწიფოს გააჩნია, მაქსიმალურად არის მიბილიზებული, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ შედეგს და რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს საკმაოდ რთული პრობლემა. ჩვენ მაქსიმალურად ვართ მიბილიზებული, მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა ფორმატს. დღეს ჟენევაში ტარდება მორიგი რაუნდი, დაველოდოთ, დღის ბოლოს ალბათ გვექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, როგორ ჩატარდა ეს ფორმატი, და რამდენადაც მე ვიცი, ეს იქნება ცენტრალური საკითხი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, რა დროსაც იგი ფეხში დაიჭრა. დე ფაქტო ხელისუფლება ზაზა გახელაძეს, ე.წ. საზღვრის დარღვევის გარდა, ბრალს სდებს სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაში. მიმდინარე წლის 5 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

დატოვე კომენტარი