ზურაბ აბაშიძე - გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტზე სიტყვაც არ თქმულა, ეს ხელოვნურად მოტანილი, აბსოლუტურად უსაფუძვლო ეჭვია
ზურაბ აბაშიძე - გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე ანაკლიის პორტზე სიტყვაც არ თქმულა, ეს ხელოვნურად მოტანილი, აბსოლუტურად უსაფუძვლო ეჭვია

მუდმივად ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნატო-სთან არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. პირიქით – მისი მიზანია რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება და სტაბილურობის შენარჩუნება, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ „ახალ კვირასთან“ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

​გრიგორი კარასინმა ზურაბ აბაშიძესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსულ მედიას განუცხადა, რომ „საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და მის ტერიტორიაზე ნატო-ს მასშტაბური სწავლებები რუსეთთან ურთიერთობების განვითარებას ხელს უშლის“.  ამასთან, კარასინმა განაცხადა, რომ „თუ სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სამხედრო აქტივობა განვითარდება, ეს ადრე თუ გვიან პრობლემამდე მიგვიყვანს. კარგად გვახსოვს, საიდან დაიწყო უკრაინის პრობლემები. საკითხი იგივენაირად დგას“.

„პრაღაში შეხვედრის შემდეგ გაკეთდა ჩემი კოლეგის მიერ განცხადებები, რომელშიც იყო მუქარის შემცველი ელემენტები. იმავე დღეს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა ანალოგიური ხასიათის განცხადებები. ვფიქრობ, ეს ყოვლად მიუღებელია და პირველ ყოვლისა, თვითონ რუსეთის საერთაშორისო რეპუტაციას აყენებს ზიანს. რაც შეეხება შეხვედრას, ასეთი განცხადებები, კომენტარები იქ არ გაკეთებულა. ვიმეორებ – ის, რაც საჯაროდ გაკეთდა, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

მისი მხრიდან ითქვა ის, რომ რუსეთში შეშფოთებას იწვევს ჩვენი თანამშრომლობა ნატო-სთან. მათი უარყოფითი დამოკიდებულება ჩვენთვის ისედაც ცნობილია, ისინი ყოველთვის ყველგან ადასტურებენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას. ეს, სიმართლე გითხრათ, ადრეც მსმენია მისგან ჩვენს შეხვედრებზე, რაზეც მე მაქვს მოკლე პასუხი, რომ ასეთი საკითხების განხილვა, რომელიც შეეხება ჩვენს ურთიერთობებს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ჩვენი სუვერენული არჩევანია და პრაღის ფორმატით არ ვაპირებთ დისკუსიებში შესვლას და ამ თემების განხილვას“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

კითხვაზე, გრიგორი კარასინის განცხადებები ხომ არ შეიძლება დაკავშირებული იყოს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხთან ან ანაკლიის პორტთან, ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ შეხვედრაზე სიტყვაც არ თქმულა.

„სიტყვა ამის შესახებ საერთოდ არ ხსენებულა. ძალიან ხელოვნურად მოტანილი, აბსოლუტურად უსაფუძვლო ეჭვია. ზოგადად, მათი ხედვა ეს არის, რომ აქ, ასე ვთქვათ, ხდება რაღაც ისეთი, რაც რუსეთს უქმნის საფრთხეს და რეგიონში შემოაქვს რაღაც დაძაბულობა. მუდმივად ვუსვამთ ხაზს, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნატო-სთან არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. პირიქით – მისი მიზანია რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერება და სტაბილურობის შენარჩუნება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მთავარი ფორმატი, სადაც განიხილება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხები, არის ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციები. მისივე თქმით, იქ უნდა მოხდეს ამ საკითხების განხილვა საგნობრივად და დეტალურად.

„ჩვენ დასათმობი არაფერი გვაქვს. იმაზე მეტს, რაც დავთმეთ 2008 წელს, ნამდვილად ვეღარ დავთმობთ. საერთოდ არ განიხილება ასეთი შესაძლებლობა. რაც მოხდა საქართველოსთვის, იყო ისტორიული მასშტაბის კატასტროფა. ჩვენ არათუ არ ვსაუბრობთ დათმობაზე, არამედ მთლიანად ვართ შემართული იმისკენ, რათა მივაღწიოთ მიზანს, რომელიც ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა – ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი გზით, რა თქმა უნდა, საერთო ენის გამონახვა აფხაზებთან და ოსებთან, მაქსიმალური დაახლოება და ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

„ახალი კვირის“ ჟურნალისტის კითხვაზე, დაინტერესდა თუ არა გრიგორი კარასინი ზურაბ აბაშიძისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დეტალებით, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ გრიგორი კარასინთან ამ თემაზე ისაუბრა.

„მართლაც დამისვა კითხვა, რით არის გამოწვეული ეს აჟიოტაჟი, რაც მოყვა ჩემს შეხვედრას ივანიშვილთან. მე ვუთხარი, რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მოვლენა. ეს გახლავთ ჩვენი შიდა პოლიტიკური კონიუნქტურის ნაწილი. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ წამყვანი მმართველი პარტიის თავმჯდომარე და მე თავად ჩავთვალე სასურველად, იყოს საქმის კურსში, თუ როგორ მიმდინარეობს აქ ჩვენი დიალოგი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივანს, მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის მორიგი შეხვედრა 27 თებერვალს პრაღაში გაიმართა.