ზურაბ აბაშიძე - ჟენევის ფორმატს გაცილებით დიდი ეფექტურობით შეუძლია მუშაობა, თუ რუსეთის მხრიდან ამისთვის მზაობა იქნება
ზურაბ აბაშიძე - ჟენევის ფორმატს გაცილებით დიდი ეფექტურობით შეუძლია მუშაობა, თუ რუსეთის მხრიდან ამისთვის მზაობა იქნება

ჟენევის ფორმატს თავის შესაძლებლობები ჯერ არ ამოუწურავს, პირიქით, ვფიქრობთ, რომ გაცილებით უფრო ეფექტურად არის საჭირო მისი გამოყენება, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობაა საკმაოდ მაღალი დონის, – ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

აბაშიძე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრა გარკვეულწილად ჟენევის ფორმატის მუშაობაზე აისახება.

„ჟენევის ფორმატს გაცილებით დიდი ეფექტურობით შეუძლია მუშაობა, თუ რუსეთის მხრიდან ამისთვის იქნება მზაობა. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა ჩვენი დელეგაცია ნიუ იორკში რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ მიგვეღო მხარდაჭერა ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით. ესეც გახლდათ ერთ-ერთი ცენტრალური თემა ჩვენი დელეგაციის.

უნდა ვიქონიოთ იმედი, რომ დღეს რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შემდგარი შეხვედრა გარკვეულწილად აისახება ჟენევის ფორმატის მუშაობაზე. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს რეალური შედეგები, ეს უნდა იგრძნონ ადამიანებმა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ყოველდღიურად პრობლემები გვაქვს საოკუპაციო ხაზთან“,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დღეს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი.