ზურა ჯაფარიძე - ოპოზიციური პარტიების შეხვედრებზე ვმსჯელობთ, როგორ შევცვალოთ სასამართლო სისტემა, პროკურატურა, შსს და სუს-ი მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება
ზურა ჯაფარიძე - ოპოზიციური პარტიების შეხვედრებზე ვმსჯელობთ, როგორ შევცვალოთ სასამართლო სისტემა, პროკურატურა, შსს და სუს-ი მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვლება

შემდეგ შეხვედრაზე, პარასკევს დავიწყებთ სასამართლო სისტემის განხილვას, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პირველივე კონსულტაციებზე ჩანდა, რომ ყველას ცალსახად ჰქონდა ერთი პოზიცია – საბჭოთა მართლმსაჯულება და ძალოვანი სისტემა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, რომელიც არის ფუნდამენტური პრობლემა ქვეყნისთვის და რომლის შეცვლის გარეშეც არაფერზე საუბარს აზრი არა აქვს, ეს სისტემა არის შესაცვლელი. ამ ინდივიდუალურმა საუბრებმა სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებთან მიგვიყვნა იქამდე, რომ დღეს გვქონდა დაორგანიზებული პირველი შეხვედრა ჩვენთან, სადაც ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ წარმართოთ სამუშაო პროცესი. ძირითადი საუბარი არის იმაზე, როგორ უნდა შევცვალოთ სასამართლო სისტემა, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სუს-ი მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ხელისუფლება შეიცვლება“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სიღრმისეული საუბარი არ ყოფილა რომელიმე მიმართულებით, საუბარი იყო იმაზე, როგორ წარიმართოს სამუშაო პროცესი.

„არ ყოფილა ფაქტობრივად საკითხი, რაზეც მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული პარტიები მონაწილეობდნენ, კონსენსუსი ვერ შედგა. ყველაფერზე ვილაპარაკეთ, საბოლოოდ იმაზე, როგორ ვაგრძელებთ მუშაობას. შემდეგი შეხვედრა გაიმართება პარასკევს, სავარაუდოდ ისევ 19:00 საათზე. ისევ გვექნება ფეისბუქლაივი და დავიწყებთ სასამართლო სისტემის განხილვას“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ინიციატივით, დღეს პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც „გირჩის“ ფეისბუქგვერდზე ლაივსტრიმის საშუალებით გადაიცემოდა. შეხვედრას რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ დასწრებიან, რასაც ტექნიკური პრობლემით ხსნიან.