„გირჩის“ ოფისში გამართულ შეხვედრას რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ დასწრებიან, რასაც ტექნიკური პრობლემით ხსნიან
„გირჩის“ ოფისში გამართულ შეხვედრას რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არ დასწრებიან, რასაც ტექნიკური პრობლემით ხსნიან

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის“ ინიციატივით, პარტიის ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც „გირჩის“ ფეისბუქგვერდზე ლაივსტრიმის საშუალებით გადაიცემოდა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქვეყნის განვითარების სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდნენ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, პარტიებს შორის არის კონსენსუსი ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომ სასამართლო, პოლიცია და პროკურატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი.

შეხვედრას არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“, „ლეიბორისტული პარტიის“, ასევე დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობის“ წარმომადგენლები.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განმარტებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მხოლოდ ტექნიკური პრობლემების გამო ვერ დაესწრნენ შეხვედრას და ოპოზიციური სპექტრის ერთობას საფრთხე არ ემუქრება.

„ტექნიკური მიზეზების გამო, ჯანმრთელობის გამო ვერ დაესწრნენ. რამდენადაც ვიცი, ისინი სრულფასოვნად მონაწილეობდნენ წინა შეხვედრებში და მათი კოალიციაც ჩართული იყო. ეს იყო „გირჩის“ ინიციატივა, რომელსაც ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ენთუზიაზმით დავეთანხმეთ, რადგან სწორი იდეაა, რომ ვისაც აინტერესებს, ყველა პოლიტიკურ გუნდს შორის იყოს საუბარი. ნაწილი აქ შევიკრიბეთ და მათ შორის გაერთიანებული ოპოზიცია. აი, ვინც „ლეიბორისტებში“ იკრიბება, ის მთელი ოპოზიციური სპექტრი, იქიდან ბევრი ადამიანი არის აქ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„გირჩის“ ოფისში მორიგი სამუშაო შეხვედრა პარასკევს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.

დღევანდელ შეკრებას „ევროპული საქართველოს“, „ერთიანი საქართველოს“, „ახალი საქართველოს“, „გირჩისა“ და ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.