ზურაბ ჯაფარიძე - ნარკოპოლიტიკის მიმართ საპატრიარქოს დამოკიდებულება კონსპირაციულ თეორიებს ეფუძნება
ზურაბ ჯაფარიძე - ნარკოპოლიტიკის მიმართ საპატრიარქოს დამოკიდებულება კონსპირაციულ თეორიებს ეფუძნება

საპატრიარქოს დამოკიდებულება ნარკოპოლიტიკისადმი არის არამეცნიერული და კონსპირაციულ თეორიებზე დაფუძნებული, – ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას.

საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვა უნდა შეჩერდეს.

ზურაბ ჯაფარიძის აზრით, აღნიშნული განცხადების ავტორებს კანონპროექტი ან არ წაუკითხავთ, ან შინაარსი არასწორად ესმით.

„პარლამენტი დგას გამოწვევის წინაშე, დაემორჩილებიან საპატრიარქოს, როგორც ამ ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტულ ინსტიტუტს, თუ გაიზიარებენ თანამედროვე ქვეყნების გამოცდილებასა და მეცნიერულ მიდგომებს და შესაბამისად მიიღებენ კანონს.

ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონის ამ სახით მიღების ალბათობა ისედაც მაღალი არ იყო, მაგრამ საპატრიარქოს განცხადების შემდეგ, ალბათობა კიდევ უფრო შემცირდა. ახლა ორი რაღაც არის გასაკეთებელი.

კონკრეტულად მარიხუანასთან დაკავშირებით ამ კანონპროექტს მნიშვნელობა არ აქვს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შემდეგ, თუმცა მოსაფიქრებელია რეგულაციების ჩარჩო და მოხმარების გამო ვინც ზის ციხეში, სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული ცვლილებების ინიცირება გასული წლის გაზაფხულზე მოხდა, თუმცა მასზე მსჯელობა შემოდგომაზე დაიწყო და ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით გასული წლის 27 დეკემბერს მიიღო.

აღნიშნულ საკითხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში შეეხო, გუშინ კი, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და პარლამენტს მოუწოდა, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა შეაჩეროს და საკითხზე მსჯელობა გაიმართოს ფსიქოლოგების, ექიმების, იურისტების, სასულიერო პირთა, ადამიანის უფლებადამცველების, ჟურნალისტების, პედაგოგთა, ინტელიგენციის, სამართალდამცავთა და სხვათა ჩართულობით, რათა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს.

რაც შეეხება ცვლილებებს, პროექტით, ნარკოტიკული ნივთიერებების პირადი მოხმარება და მცირე ოდენობით ფლობა კრიმინალური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.