ზურა ჯაფარიძე - ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, არც ზედმეტად დავიძაბოთ, ჩვენი მოსაგებია ეს ომი
ზურა ჯაფარიძე - ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ, არც ზედმეტად დავიძაბოთ, ჩვენი მოსაგებია ეს ომი

პოლიტიკური გაერთიანება გირჩის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს უახლოეს მომავალში შეხვედრა და საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისთვის დროის გამონახვა თხოვა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, ელჩისგან თხოვნაზე დადებითი პასუხი მიიღო.

„ელჩს ორი წუთით ვესაუბრე, საქმის კურსშია, რაც მოხდა. სიტუაცია პოლიტიკური დისკუსიის არ იყო. მე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროა, მოუწია ისეთ ქვეყანაში ჩამოსვლა, სადაც ყოველდღიურად საშიში ხდება ცხოვრება თავისუფლების მოყვარული ადამიანებისათვის და ვთხოვე, დრო გამოენახა, რომ უახლოეს მომავალში შევხვდეთ და ვისაუბროთ საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე. მითხრა, რომ აუცილებლად შევხვდებით. თვითონაც ადამიანურად შეწუხებული ჩანდა, თუმცა დეტალებზე ნამდვილად ვერ ვისაუბრეთ“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

„გირჩის“ ლიდერმა გიგი უგულავას განაჩენზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისგან ყველაფერი მოსალოდნელია.

„ჩემი აზრით, არაფერი საპანიკო არ არის. ამ ხელისუფლებისგან ყველაფერი მოსალოდნელია და ესეც მოსალოდნელი იყო. საჭიროა ორგანიზება, საჭიროა დაჯდომა, საუბარი, შეთანხმება ბევრ რაღაცებზე და ამ ომის მოგება. სინამდვილეში, ძალიან მარტივი რაღაც არის გასაკეთებელი. არც ხელები უნდა ჩამოვუშვათ, არც ზედმეტად უნდა დავიძაბოთ. გასაგებია, რაზეც არიან წამსვლელები. ჩვენი მოსაგებია ეს ომი. ვერავინ ვერ მოიგებს ამ ომს ჩვენს გარეშე, მათ შორის ვერც აშშ-ის ელჩი და ვერც ვერავინ. ჩვენი გასაკეთებელია ეს ამბავი, ამ ქვეყნის მოქალაქეების“,- ზურა ჯაფარიძე.

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამნაშავედ ცნო. უზენაესმა სასამართლომ უგულავას სამი წლითა და ორი თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დატოვე კომენტარი