ზუგდიდში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული მანუჩარ ჩხეტია თავს დამნაშავედ არ ცნობს
ზუგდიდში პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული მანუჩარ ჩხეტია თავს დამნაშავედ არ ცნობს

ზუგდიდის რაიონული სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტის მანუჩარ ჩხეტიას საქმეს განიხილავს.

როგორც წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებულმა ჩხეტიამ სხდომის დაწყებამდე თქვა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ობიექტური სასამართლოს იმედი აქვს.

„თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ. პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გამიწევია. მეც ყოფილი პოლიციელი ვარ. სოფელ ნარაზენში მოვიდა პოლიციის უფროსი ირაკლი ფაცაცია, დაიწყო ჩვენი თანამებრძოლების დაშინება და როგორც კი დამინახა, წამომიყვანა. ეს დაკავება არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოტივით. სასამართლოს იმედი მაქვს, რომ ის იქნება ობიექტური”, – განაცხადა მანუჩარ ჩხეტიამ.

ჩხეტიას დაკავებასთან დაკავშირებით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში განცხადება გააკეთა შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის მოადგილემ, შალვა ჭედიამ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა დაკავების საფუძველი და აღნიშნა, რომ ნარაზენში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ სასამართლოში ყველა მტკიცებულება წარადგინა.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებულ იქნა მანუჩარ ჩხეტია, რომელმაც ზუგდიდის პოლიციის სამმართველოშიც განაგრძო პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დღეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილია ყველა მტკიცებულება, რაც მოპოვებულია შსს-ს მიერ განსახილველად”, – განაცხადა შალვა ჭედიამ.

რაც შეეხება ასევე გუშინ დაკავებულ ანი წითლიძესა და გიორგი პატარაიას, მათ საქმეზე სასამართლო სხდომა 18 აპრილისთვის ჩაინიშნა.

ზუგდიდში გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი – პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია, ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე, ასევე  პარტიის ერთ-ერთი წევრი მანუჩარ ჩხეტია დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა. მოგვიანებით, პოლიციამ პატარაია და წითლიძე გაათავისუფლა, ხოლო მანუჩარ ჩხეტია წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.